სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა, ამასთან ორგანიზაციამ რეიტინგი უცვლელად "BB-“ დონეზე დაადასტურა. "Fitch" ხაზს უსვამს საქართველოს რკინიგზის კრიტიკულ როლს საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურაში და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
სააგენტოს შეფასებით, საქართველოს რკინიგზის დეფოლტი სახელმწიფო რეპუტაციისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს.ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია. კომპანიის ვალდებულებებს შორის უმსხვილესი 2021 წელს გამოშვებული 500-მილიონიანი ევროობლიგაციებია.
საქართველოს რკინიგზა არსებულ მდგომარეობაში, მხარს ვერ აუვლის კომპანიის კორპორატიზაციის პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლო მომავალში კომპანია აღმოჩნდება “ვალების ორმოში”.
“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” (TCRC) გთავაზობთ, ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ყაზახეთის რკინიგზის კორპორატიზაციის მოდელს, რომლის ძირითადი ელემენტები ეფექტიანად შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქართველოს რკინიგზაზე.
"სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური სარკინიგზო კომპანია "Қазақстан темір жолы" (КТЖ), იმყოფება ფინანსური კოლაფსის პირობებში, 2025 წელს სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, ინვესტორებისთვის, კომპანიის ფასიანი ქაღალდების IPO (Initial Public Offering) მოდელით, საფონდო ბირჟაზე გატანის მიზანშეწონილების შესახებ. სახელმწიფო როგორც რკინიგზის მეპატრონე, რკინიგზის აქციების გაყიდვას, ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვან გარიგებად განიხილავს.
გადაარჩენს საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვა კომპანიას გაბანკროტებისგან, ასევე შეინარჩუნებს სახელმწიფო ყაზახეთის რკინიგზაზე კონტროლს, ეს ორი საკითხი წარმოადგენს ძირითად სირთულეს კომპანიის კორპორატიზაციის პროცესში.
ყაზახეთის რკინიგზა სადღეისოდ წარმოადგენს მონოპოლისტს, ამასთან ახალი ლოკომოტივების და დამატებითი კრედიტების აღების პირობებში კომპანია სრულად ჩაფლულია ვალებში.
ანალოგიურად, საქართველოს რკინიგზაში, ფინანსური სახსრების სიმწირის გამო, შეინიშნება ინფრასტრუქტურის კაპიტალურ რემონტებში ჩამორჩენილობა.
ყაზახეთის რკინიგზაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე ეტაპზე, პოტენციალური ინვესტორების მოსაზიდად, კომპანიისათვის უმჯობესია, თავდაპირველად ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება და შემდგომ განხორციელდეს, საფონდო ბირჟაზე აქციების გატანა.
კომპანიაში თვლიან, რომ ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება შესაძლებელია რენტაბელობის დონემდე ტარიფების გაზრდის და სატრანზიტო გადაზიდვებზე ექსკლუზიური ტარიფების დაწესებით.
საფონდო ბირჟაზე აქციების გატანას გააჩნია გარვეული რისკები, მიუხედვათ იმისა რომ ერთი მხრივ აქციების გაყიდვით მოსალოდნელია ყაზახეთის რკინიგზის ვალის შემცირება, მაგრამ არსებობს რისკი, რომ რკინიგზის აქციებს დაეუფლოს უცხოური რუსეთის და ჩინეთის კომპანიები.
ამიტომ აუცილებელია, დაცული იყოს უცხოური ინტერესებისგან ყაზახეთის რკინიგზის კონტროლი.
ამ თვალსაზრისით, გათვალისწინებულია ყაზახეთის რკინიგზის მინორიტარული აქციების რეალიზება.
ფაქტიურად სახელმწიფო დარჩება ძირითადი აქციონერი, რითაც გამოირიცხება კომპანიაზე კონტროლის დაკარგვა.
რა სავარაუდო დადებითი შედეგები იქნება მოსალოდნელი: კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აქციებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი, მოხმარდება დაგროვილი ვალის გასტუმრებას, სავაგონო პარკის მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურის განახლებას და შუა დერეფნის განვითარებისათვის პერსპექტიულ პროექტებს.
დამატებით მოსალოდნელია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
მიუხედვათ ექსპერტების პესიმისტური პროგნოზებისა, ყაზახეთის რკინიგზა, ლონდონის საფონდო ბირჟას განიხილავს როგორც მსოფლიო ბირჟაზე გასვლის ერთ - ერთ მნიშვნელოვან ეტაპს.
ბუნებრივია, ახლო მომავალში საქართველოს რკინიგზაზე მწვავედ დადგება კორპორატიზაციის პროცესი," - განმარტავენ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში".