სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი უნდა გაფართოვდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად სამხრეთის გაზის დერეფანი სრული დატვირთვით მუშაობს და სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ტრანსანატოლიური მილსადენი და ტრანსადრიატიკული მილსადენი ამ დერეფნის სამი განუყოფელი ნაწილია.

„ისინი სრული დატვირთვით მუშაობენ და მათი გაფართოება გვჭირდება. აქ მივდივართ მნიშვნელოვან პუნქტამდე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, იმ ინსტიტუტებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, შეაჩერონ უშუალოდ მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, შესაძლოა, ეს პოლიტიკა უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, იყო საუბარი, რომ „სამხრეთის გაზის დერეფანს“ ბუნებრივი აირი სამომავლოდ შესაძლოა, თურქმენეთმა და ისრაელმა მიაწოდოს.

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ საბოლოო ბიუჯეტი 33 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც პროექტის საწყის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალია. თავდაპირველად ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით იყო განსაზღვრული. 2020 წლის 31 დეკემბერს ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყო.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი გაზის მილსადენების მეშვეობით ექსპორტირება შეძლო. აზერბაიჯანული გაზი ევროპას საქართველოსა და თურქეთის გავლით მიეწოდება.