ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს – ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეაფასა.
აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი - 75.კმ, აღრიცხვის კვანძები, ოთხი ჭაბურღილი, სამი რეზერვუარი, ოთხი საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობებს. პროექტის დასრულების შემდეგ 19,050 - მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაცია- მშენებლობის ფარგლებშიც. მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი - 28,5კმ, აღრიცხვის კვანძები, 6 ჭაბურღილი, სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო. პროექტის დასრულების შემდეგ 11 000 - მდე ბენეფიციარი 24 - საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში ჯამში 5 პროექტს ახორციელებს, პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 100 მლნ. ლარამდე ფინანსდება – ნათქვამია ინფორმაციაში.