"იმისთვის, რომ ქვეყანაში მშენებლობის ხარისხი გაუმჯობესდეს, აუცილებელია მშენებლობის რეფორმა - ამის შესახებ „საქართველოს რადიოს“ ეთერში, „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკის ფარგლებში ზვიად თოიძემ - "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ და კომპანია "ინსის" გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში, სამშენებლო სექტორში რეფორმა არ ჩატარებულა.

„ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია ამ რეფორმის გატარება, რომელიც თავის თავში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, აუცილებელია მშენებლობის პროცესში ევროპულ ნორმებზე გადავიდეთ და ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს უკვე რამდენიმე წელია. თუმცა, მარტო ევროპულ ნორმებზე გადასვლა არ უშველის ამ საქმეს, ასევე არის საჭირო ფასწარმოქმნა იყოს ადეკვატური, როგორც ეს საერთაშორისო ბაზრებზე არის. ამასთან დაკავშირებით საუბარი უკვე გვქონდა ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ მინისტრთან და ისიც საუბრობს ამის აუცილებლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია დაბალანსებული კონტრაქტები, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ ვალდებულებები არ იყოს მხოლოდ ერთ მხარეს, სახელმწიფო იქნება ეს, თუ ბიზნესსექტორი. თუ გვინდა, რომ მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, უნდა გვქონდეს ხარისხიანი ფასი, ხარისხიანი კონტრაქტი, ხარისხიანად გამოცხადებული ტენდერი და რაც მთავარია, ხარისხიანი პროექტი“, - აღნიშნა ზვიად თოიძემ.

მისივე განმარტებით, რეფორმის განხორციელება სამშენებლო სექტორში მოახდენს სრულ რევოლუციას.

„ამ რეფორმის შედეგად, განვითარდებიან კომპანიები, შექმნიან უფრო ხარისხიან პროდუქტს როგორც საგზაო, ისე სამშენებლო კუთხით, გარდა ამისა, ქვეყნის ბიუჯეტშიც შეიტანენ უფრო მეტ თანხებს, ვიდრე დღეს შეაქვთ“, - განაცხადა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ და კომპანია "ინსის" გენერალურმა დირექტორმა.

ზვიად თოიძის თქმითვე, აღნიშნული რეფორმის განხორციელებით ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრიც დაინტერესებულია, ამიტომ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სამშენებლო სექტორის რეფორმა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი