"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ჩინური CCCC-გან განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს. დავითაშვილის თქმით, ამას ერთი ან რამდენიმე თვე შეძლება დასჭირდეს. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"[ხელმოწერის] ბოლო დედლაინი აპრილის ბოლოს გვქონდა. მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ 1 თვე იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ეს წინადადება და შევაფასოთ, რამდენად მისაღებია.

ბევრი სპეციფიკური დეტალია შესამოწმებელი. იცით, რომ საერთაშორისო კონსულტანტები გვყავს აყვანილი, ისინი აფასებენ წინადადების შესაბამისობას, ამას დრო სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს იყოს ერთი თვე ან რამდენიმე თვე. მაგრამ მაქსიმალურად ვჩქარობთ, რომ ოპერატიული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, სამომავლო მოწყობასთან დაკავშირებითაც. სამშენებლო სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, იცით, რომ პორტის ვადებთან დაკავშირებით არ გვაქვს კითხვა, პირიქით, პორტი ძალიან სწრაფად იქნება ოპერირებადი და მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარების მოწყობაც ვიცოდეთ, ამაზე სახელმწიფოს ძალიან კარგი წინადადებები აქვს დამუშავებული, ყველანაირი ალტერნატივისთვის მზად ვართ",- თქვა დავითაშვილმა.

BMG ასევე დაინტერესდა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თუ შედგა საუბარი ანაკლიის პორტის პროექტზე, რაზეც დავითაშვილი ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის ნაწილში იყო. ამასთან, ის სპეკულაციას უწოდებს ჩინური ინვესტორის საკითხზე აქცენტირებას და ამბობს, რომ პროექტის სახელმწიფოს მიერ ხორციელდება.

"რა თქმა უნდა [აშშ-ში ვიზიტისას] ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყველგან ვისაუბრეთ [სახელმწიფო დეპარტამენტშიც და თეთრ სახლშიც] იმიტომ, რომ ანაკლიის პორტი ცალკე აღებული თემა არაა, ეს არის შუა დერეფნის და სატრანსპორტო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ნაწილი და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცენტია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია და არაფერი სხვა. ჩინური ფაქტორი ესაა სპეკულაციის საგანი იმიტომ, რომ ესაა პროექტი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, ყოველთვის ხდება მისკომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ძალიან გულდასაწყვეტია და ამაზე სხვათა შორის მქონდა საუბარი კოლეგებთან ამერიკაში, რომ შეუსაბამო ინფორმაცია ვრცელდება და საზოგადოება შედის შეცდომაში. ჩვენ ამ პროექტს სახელმწიფოს 51% წილით ვავითარებთ, სახელმწიფო ამას უყურებს, როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და სახელმწიფო ინტერესები არის გარანტირებული. სპეკულაციები დამაზიანებელია პროექტისთვის ზოგადად",- განაცხადა დავითაშვილმა.

2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა.

bm.ge