თბილისში, კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) #22-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს კალა უბნის ყველაზე მასშტაბურ ნაგებობას, რამდენიმე წელიწადში ახალი, ფუნქციონალურად დატვირთული შენობა გახდება.

როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა ე.წ. „მანთაშევის ქარვასლის“ შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-ადაპტაცია იგეგმება, რომელსაც გრაფიკის მიხედვით 2 წელი დასჭირდება.
ტერიტორია „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანია შპს „ოლდ სითის“ ეკუთვნის. უფრო კონკრეტულად, შპს „ოლდ სითის“ 100%-ს შპს „ახალი კაპიტალი“ ფლობს, რომელიც სს „ტერას“ საკუთრებაა. სს „ტერას“ საბჭოს წევრები: ნატო ხაინდრავა („ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელი), ნოე ქინქლაძე (სს ქართუ ჯგუფის წევრი) და კახა კობიაშვილი („ატუ ჰოლდინგის“ დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის დისშვილი) არიან.

შპს „ოლდ სითიმ“ მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივება რამდენჯერმე მოითხოვა, უკანასკნელად კი ნებართვა მიმდინარე წლის მარტში მიიღო და გრაფიკის მიხედვით ის 24 თვეში უნდა დაასრულოს.
პროექტის მიხედვით, შენობა რომლის ესკიზზეც ჯერჯერობით მხოლოდ შუალედური ნებართვა არის გაცემული, ტრაპეციის ფორმას შეინარჩუნებს, უცვლელი დარჩება შიდა ეზო და სართულიანობაც.




