ქალაქ ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო 33 მილიონიან ტენდერს აცხადებს.

სამუშაოს შესრულების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 000 000,00 (ორმოცი მილიონი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000,00 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობით;

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია გაყოფილია სამ ზონად, სადაც განთავსდა: I. ზონა - სარეკრიაციო სივრცე II. ზონა - იპოდრომის კომპლექსი III. ზონა - მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი

  • სარეკრეაციო სივრცეში პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი ძელსკამებისა და საპარკე სანათებით სივრცის განათებას;
  • იპოდრომის კომპლექსი გენერალურ გეგმაზე წარმოდგენილია საჯინიბოს (საწყობით) შენობით, საცხენოსნო არენით, გადახურული და ღია მანეჟით, სამაყურებლო ტრიბუნითა და ტრიბუნის ქვეშ განთავსებული ადმინისტრაციული ფართით;
  • მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი კომპლექსი გენგეგმაზე წარმოდგენილია ორი ერთეული ძაღლის თათის ფორმის ძირითადი შენობისა (ვოლიერები) და ფუნქციურად განსაზღვრული რვა დამხმარე შენობისაგან. კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა ითვალისწინებს ტერიტორიაზე საპარკინგე ადგილებისა და გამწვანების მოწყობას.