საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში 17.9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა, რაც, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4.3%-იანი კლებაა. ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტიდან ვიგებთ.

დოკუმენტის მიხედვით, სანავთობო ბიტუმის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კვლავ ერაყია, რომლისგანაც წლის საწყის სამ თვეში 13.3 ათასი ტონა (გასულ წელს - 11.16 ათასი ტონა) ბიტუმი შევიძინეთ, რაც საერთო წილის 74.3%-ია (გასულ წელს - 59.7%).

აღვნიშნოთ, რომ წლევანდელ იანვარ-მარტში სანავთობო ბიტუმის შესაძენად სულ 6 709 333 აშშ დოლარი დაიხარჯა.

საქართველოს გასულ წელს სანავთობო ბიტუმის 4 იმპორტიორი ქვეყანა ჰყავდა - ერაყი, რუსეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, წელს კი მათ დაემატა თურქმენეთიც, რომლისგანაც 0.44 ათასი ტონა ბიტუმი შევისყიდეთ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბიტუმი ფისოვან ნივთიერებათა (ასფალტი, გუდრონი, ნავთობი) საერთო სახელწოდებაა. მყარი ან ფისისმაგვარი პროდუქტი, რომელიც ნახშირწყალბადებისა და მისით ნაწარმოები აზოტის, წყალბადის, გოგირდისა და ლითონის შემცველი ნარევებისგან შედგება.

წყარო: bpn.ge