გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი განიხილეს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე კვლევითი სამუშაოების განხორციელება იწყება. სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩართულობით, საველე სამუშაოები დაახლოებით 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ზუსტად შეფასდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი ფასეულობები, რათა კახეთის რეგიონში, დამატებით, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობები განისაზღვროს.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 927 748 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია. დღეისათვის, საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.