საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 25.2-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას სწავლობს. განაცხადის თანახმად, პროექტი KFW-ის დაფინანსებით განხორციელება განიხილება.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე GOGC საკონსულტაციო კომპანიის დაქირავებას გეგმავს, რომელიც აღნიშნული ქარის ელექტროსადგურისთვის სრულ პროექტს და ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების დოკუმენტს მოამზადებს.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საჭიროა:

ა) სრულფასოვანი ეკონომიკური დასაბუთების კვლევის (Feasibility Study) მომზადება;
ბ) გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების (ESIA) მომზადება;
გ) ქარის მზომის შესყიდვა და მონტაჟი შესაბამისი ტერიტორიისთვის.

GOGC-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, პროექტის ეკონომიკური დასაბუთების კვლევა KFW-ის სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული და ის შემდეგ საკითხებს ითვალისწინებდეს:

  • მიწის ნაკვეთების და ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა;

  • ქარის მზომი ანძის შესყიდვა და მონტაჟი;

  • ქარის გაზომვები (მათ შორის, ყოველთვიური მონაცემების შეფასება);

  • ტექნოლოგიური მიმოხილვა;

  • სხვადასხვა ქარის ელექტროსადგურის განლაგების ვარიანტების განვითარება და ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა;

  • ქარის ელექტროსადგურის წინასწარი დიზაინი;

  • ენერგიის წარმოების შეფასება და ელექტროენერგიის გამოყენება;

  • ქსელზე მიერთების და გადაცემის მარშრუტის შეფასება;

  • ადგილის პირობები და ინფრასტრუქტურა;

  • არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება;

  • ტოპოგრაფიული კვლევა და რუკების შექმნა;

  • გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები, მათ შორის სეისმური რისკების ანალიზი;

  • ტრანსპორტირების მარშრუტის შეფასება;

  • რეგულატორული მიმოხილვა;

  • ეკონომიკური და ფინანსური მიმოხილვა;

  • განხორციელების გეგმა (მათ შორის შესყიდვების დაგეგმვა);

  • გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება (ESIA);

  • რისკების ანალიზი.

განხორციელებადობის კვლევა უნდა გახდეს შემდგომი ინვესტიციების და დაფინანსების გადაწყვეტილებების საფუძველი. შესაბამისად, კვლევამ უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნები.

კონსულტაციის სერვისების ხელშეკრულების მინიჭება 2025 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. სერვისების განხორციელების პერიოდი, განხორციელებადობის კვლევის საბოლოო ანგარიშის დასრულებამდე 18 თვით განისაზღვრება.

ტენდერის თანახმად, საკონსულტაციო კომპანიას უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, კოსოვოში, ხორვატიაში, სლოვენიაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

"განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ მინიმუმ 1 მილიონი ევროს წლიური ბრუნვა. კონსორციუმმა ან ერთობლივმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს 1 მილიონი ევროს საშუალო წლიური ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სადაც თითოეული მხარე უნდა აჩვენებდეს მინიმუმ 0.2 მილიონი ევროს ბრუნვას, ხოლო წამყვანმა პარტნიორმა – მინიმუმ 0.7 მილიონი ევროს,"- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

არსებული მდგომარეობით საქართველოში მხოლოდ ერთი - ქართლის ქარის ელექტროსადგური არის მოქმედი. აღნიშნული სადგური 2015 წელს EBRD-ის დაფინანსებით ენერგეტიკის სამინისტრომ ააშენა, შემდგომ კი მისი პრივატიზება მოახდინა. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია და ის 6 ტურბინისგან შედგება. სადგურის აშენება 29.7 მილიონი დოლარი დაჯდა, საიდანაც 22 მილიონი EBRD-ისგან მოზიდულ სესხს წარმოადგენდა.

აღნიშნული პროექტის შემდეგ, საქართველოში არცერთი ქარის ელექტროსადგური არ აშენებულა.

bm.ge