„სახელმწიფოსთვის 383 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება, რასაკვირველია, ძალიან უარყოფითი ფაქტია“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოს, „ნამახვანჰესის“ პროექტის განუხორციელობის გამო, ამ ფორმის ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლებოდა დაკისრებოდა.

„ამას დიდი ხანია ვამბობდით, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა დაგვკისრებოდა. ეს ყველაფერი იქნება ბიუჯეტის გადასახდელი და ეს თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის ხელწამოსაკრავი თანხა არ არის. ძალიან ცუდია, რომ ეს სასამართლო პროცესი ვერ მოვიგებთ.

იმას, თუ რამდენად სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება, ვერ შევაფასებ, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევალ. კომპანია ამბობს, რომ მან ხელშეკრულება გააფორმა სახელმწიფოსთან, სახელმწიფომ კი საშუალება არ მისცა, რომ საქმე ბოლომე მიეყვანა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა კომპანიის პოზიცია და მე არ შემიძლია აქ ვიმსჯელო იმაზე, თუ ვინ იყო მტყუანი და მართალი. მე ხომ არ ვიცი, რა მტკიცებულებები იყო წარდგენილი და რას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.

როგორც მან განმარტა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ნამახვანი“, „ხუდონი“ და „ნენსკრა“.

„რაც შეეხება ზოგადად ჰესების მშენებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ „ნამახვანი“, „ხუდონი“ და „ნენსკრა“ აუცილებლად უნდა აშენდეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა ენერგეტიკულად და ეკონომიკურად მყარად იყოს. თუ ეს სამი მარეგულირებელი სადგური არ გვექნება, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება და უკვე გაგვიჭირდა განახლებადი ენერგიის წყაროების ექსპლუატაციაში შეყვანა. პრობლემები შექმნა სწორედ „ნამახვანის“ საკითხის გართულებამ, „ნენსკრას“ გაჩერებამ, „ხუდონის“ არ აშენებამ.

სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ეს ჰესები უნდა აშენდეს და ადრე თუ გვიან, აუცილებლად აშენდება, თუმცა, რაც უფრო გვიან აშენდება, მით უარესი ჩვენთვის“, - განაცხადა გია არაბიძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მლნ დოლარის დავა მოუგო. საქმე ეხებოდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას, რომელშიც თურქულს კომპანიას 800 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვტ.სთ-ს მიაღწევდა და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

ბიზნესპრესნიუსი