თბილისში, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება, ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარომ“ მშენებლობის ნებართვა გასულ წელს მიიღო.
პროექტის მიხედვით, იგეგმება 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.
„საპროექტო შენობა მდებარეობს ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 7, მიწის ნაკვეთის ფართობია: 11867.0 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით-აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია 23.20 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა. აქედან: 3 მიწის დონის ქვედა სართულია, 4 სართული მიწის დონის ზედაა. საპროექტო შენობის -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია შემოზღუდული ავტოფარეხი. -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია ტექნიკური და ელექტრო დანადგარების ოთახები; -5.00 ნიშნულზე განთავსებულია სათადარიგო ელ. მომარაგების ოთახი და სატრანსფორმატორო. -10.00, -5.00, ±0.00, +5.70 და +11.40 ნიშნულებზე განთავსებული სავაჭრო-კომერციული სივრცე საწყობით. +11.40 ნიშნულებზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები და საგამოფენო სივრცეები. მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია საოფისე სივრცეების განთავსება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სივრცე“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მაჭავარიანია, საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ასათიანი, მოადგილე კი გიორგი მახარაძე.
ცნობისთვის, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. წლების წინ ტერიტორიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ყადაღა ედო „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიას, რის გამოც აქციონერები ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, არ განიხილება ტერიტორიაზე ინვესტორის შემოყვანა.