საქართველოს უძრავი ქონებით ბაზრით უცხოელები დაინტერესება დიდია. ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია, გრძელდება და უკვე საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს, რამაც შეიძლება დემოგრაფიის კუთხით პრობლემა შექმნას. დედაქალაქში და რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, მათი რიცხვი ყოველდრიურად იზრდება. ქართველები უწყვეტად გადიან ქვეყნიდან, პარალელურად კი მატულობს უცხო მოქალაქთა რიცხვი, რომელებიც საქართველოში უძრავი ქონების შეძენითა და ფეხის მოკიდებით არიან დაინტერესებული. 

როდესაც ქვეყანაში არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობაა, უცხოელთა მასობრივი დაინტერესება ჩვენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ უახლოეს მომავალში ვითარება არ შეიცვალა, სურათი სავალალო გახდება. მსგავსი პრობლემის წინაშე იყო საქართველო მიწის ნაკვეთების გაყიდვის კუთხითაც, თუმცა რეგულაციების შემოღებამ საკითხი მეტ-ნაკლებად გადაჭრა.

ანალიტიკოსი ზვიად ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ცალსახად აღნიშნა, რომ ბიზნესინტერესებს ეწირება ქვეყნის ბედი, ხოლო ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება საქმის გადაჭრა, მოსალოდნელ საფრთხეს საერთოდ ვერ აღიქვამენ.

,,2018 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით დავწერე კანონპროექტი რომელიც ეხებოდა ბინადრობის უფლების ,,გაყიდვას". კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, თუ  ბინას იყიდდა 35 ათას დოლარიდან, მას ეძლეოდა  ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ხოლო სანამ ქონება მის საკუთრებაში რჩებოდა, ყოველწლიურად, იუსტიციის სახლი უგრძელებდა ბინადრობის უფლებას. ფაქტობრივად, ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას უზრუნველყოფდა ეს შეძენილი უძრავი ქონება. მაშინ შევაგროვეთ 35 ათასი ხელმოწერა, მაგრამ მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს. ინიციატივა ჩავარდა.

ცხადია, ბიზნეს ინტერესები ხელისუფლების წარმომადგენლებში მაღალია. ისინი საფრთხედ არ აღიქვამენ სავალალო სიტუაციას. მიგრაციული პროცესები რას იწვევს ამის გაანალიზება ვერ ხერხდება. საწუხაროდ, მსგავსი მიზეზების გამო დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის 20%. ჭარბი მიგრაცია შემდგომში ხელს უწყობს კონფლიქტებს, დესტაბილიზაციას და ეთნიკურ-რელიგური ბალანსის დარღვევას. ამიტომაც ეს ყურადსაღები პროცესია.

ზოგადად, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, პრობლემა მწვავეა. გაეროს მონაცემები საგანგაშოა და ახლა უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს. 2014 წლის მონაცემებით 3 მილიონ 700 ათასი ვართ და ამას თუ დავამატებთ ბოლო წლებში გაზრდილ მიგრაციას, კატასტროფულ სურათს მივიღებთ.

ასეთ ვითარებაში, როცა ჩამოდის უცხოელი, ყიდულობს უძრავ ქონებას და ფუძნდება, რადგან ლიბერალური საემიგრაციო პოლირიკია გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე  შეიძლება შეიცვალოს ეთნიკურ-კულტურული ბალანსი ჩვენდა საზიანოდ. პრობლემის მოგვარების ერთადერთი შანსი ისაა, რომ გამკაცრდეს რეგულაციები. ასევე, მნიშვნელოვანია საემიგრაციო პოლიტიკის გამოსწორება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზვიად ტომარაძემ.

პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია. განსაკუთრებით საგანგაშო სურათია ბათუმში, სადაც ახალაშენებული ბინების უმეტესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ.

,, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალაშენებული კორპუსების დაახლოებით 80-90% აქვთ შეძენილი. არც დედაქალაქშია სახარბიელო მდგომარეობა. ხომ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა არაა ისეთი, რომ შეწვდეს ახალაშენებულ ბინებს. მხოლოდ ემიგრანტები თუ ახერხებენ შეიძინონ. მყიდველთა ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან, რომლებიც საქართველოში დაფუძნებით არიან დაინტერესებული. ეს კი, დემოგრაფიული თვალსაზრისით, უახლოეს ათ წელიწადში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

კარგი მაგალითი მოხდა 2017 წელს ზელანდიაში, სადაც მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების შეძენას. რაც ახსნეს შემდეგნაირად, რომ სურდათ გამრავლება. იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე (ავსტრალიის) ძვირდებოდა ბინები და რაც მათ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

აკრძალვამ, ფასების კლება გამოიწვია და ამის შემდეგ ადგილობრივები გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობდნენ ბინებს. ამას ჩვენთან არავინ  გააკეთებს. აქ სამშენებლო ბიზნესის უმეტესობას, თითქმის 80% ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებენ. ისინი ფინანსურად არიან დაინტერესებულნი, ლობირებენ უძრავი ქონების ბიზნესს და  რაიმე ცვლილების მოლოდინიც არარეალურია", - დასძინა ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვრცლად: www.resonancedaily.com