არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3638 ჰექტრით იზრდება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს.

კერძოდ, ცვლილებები შედის საქართველოს კანონში „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. ინიციატივის მიხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები გაფართოვდება და მასში ვაშლობის ხეობაც მოექცევა, რომელსაც დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საზღვრები ამჟამად მოიცავს მდინარეების - გუდამაყრის, არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს.

დოკუმენტის მიხედვით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა იყო.

„ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და შესაბამისად ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო–ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რასაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ შესაძლოა მოუტანოს მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი