თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ამბობს, რომ დონორებთან მიმდინარეობს მუშაობა დიღმის ჭალების პროექტის დაძვრაზე. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, დიღმის ჭალების გადარჩენასთან დაკავშირებული გეგმა უკვე მზადაა.

"დიღმის ჭალებზე ჩართულია ბევრი არასამთავრობო ჯგუფი, მათი მოთხოვნით და დონორების ჩართულობით, შემუშავდა დიღმის ჭალების შენარჩუნებული ნაწილების გადარჩენის გარკვეული გეგმა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ დონორთან, რომ ეს პროექტიც დავძრათ", - ამბობს მერის მოადგილე, თუმცა პროექტის ვადებს ვერ ასახელებს, რადგან, მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.

დიღმის ჭალების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უკანონოდ იყრება სამშენებლო ნარჩენი, ასევე ხდება წიაღისეულის მოპოვებაც, რის გამოც ფართობი, რომელიც ამ დროისთვის რეკრეაციულ, ლანდშაფტურ და სატყეო ზონებს აერთიანებს, ნადგურდება. ტერიტორიის შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები დაიქირავა, რომლებმაც დიღმის ჭალების განვითარების გეგმა შეიმუშავეს.

დიღმის ჭალები იყო ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც თბილისის მერია ჯერ 11 მილიონი, ხოლო შემდეგ 15 მილიონი ლარის დახარჯვასაც გეგმავდა. პროექტის დაწყება ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა, დასრულებით კი 2020 წელს.

bm.ge