სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12 კმ-იან მონაკვეთზე მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს, რომლის თანახმადაც უკვე დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის, ასევე გზის საფარისა და სახიდე ნაგებობების მოწყობა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველ 6 კილომეტრზე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის მოწყობა. ეწყობა საგზაო ნიშნები და ხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. დასრულდა ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები.
„აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთსა და მის სოფლებს აუვლის გვერდს. ეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში 52 კმ-იანია - იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და მთავრდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან. გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე ექსპლუატაციაშია.
პროექტის მიზანია სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება, შეუფერხებელი და ეფექტური სატრანზიტო კავშირის უზრუნველყოფა.
მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მლნ ლარით ფინანსდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.