საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა. სახელმწიფო წლებია ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ცდილობს, რისთვისაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა საჭირო. ქვეყნის მიმართ ინვესტორების ინტერესიც არსებობს, თუმცა პროცესი მაინც ფერხდება. მიზეზი მოსახლეობის პროტესტია. ადგილობრივები მუნიციპალიტეტებში ინვესტორებს ჰიდროსადგურების მშენებლობის საშუალებას არ აძლევენ.
რამდენიმე დღის წინ მორიგი აქცია გაიმართა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურებში. კომპანია "ენერჯი დევეკოპმენტ ჯორჯიას" წარმომადგენლებს ადგილობრივებთან "სურები 2" ჰესის კასკადის მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის განხილვა სურდა, თუმცა სუფსის მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილობრივები ჰესის აშენების წინააღმდეგი არიან. ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა დაანგრევს მათ სოფელს, გარემოს, მდინარეს, მათ მომავალს, სარგებელს კი მხოლოდ კერძო პირები ნახავენ.
,,ვიღაცამ გადაწყვიტა ამ უნიკალურ სოფელს გამოუთხაროს ძირი. გურია არის ნესტიანი ისედაც. რამდენიმე თვის წინ მოსახლეობა აასახლეს და გაიყვანეს. საშინელი მდგომარეობაა ამ ნესტის გამო. ქედი მოდის მთლიანად. აქ რომ ახლა 16 მეგავატიანი ჰესი ააშენონ და დააგუბონ კაშხალი, წარმოდგენა გაქვთ რა მოხდება ამ სოფლებში? დამერწმუნეთ, ერთ წელიწადში სამი სოფელი აღარ იქნება. რას ძალაობ? სოფელი შენ რამეს გთხოვს? ერთადერთი არის ხალხის ხმა რაც გაგვაჩნია. შენ, რომ ჰესიდან მოგებას მიიღებ, ხალხს რა? გზა? 40 წელია ვიხვეწებით გზას. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ გზა გააკეთოს.’’- აცხადებს ადგილობრივი ასმათ სანიკიძე.
,,ერთადერთი სუფთა წყალი ჩამოდის ამ ძვირფას ქვეყანაში, რომელსაც მდინარე სუფსა ჰქვია, სადაც ნაგავსაყრელი არ არის, სადაც სიბინძურე არ არის და გაუფილტრავად შეგიძლია ადამიანმა დალიო. ამას რომ დააბინძურებ, ამაზე რომ აგრეგატებს დაადგამ, მაზუთიანი და ტაოტიანი წყალი არც საბანაოდ ვარგა, არც სათევზაოდ და არც ტურისტულად. ბუნება ეკოლოგიურად ზიანდება. ინგრევა ტექნიკით. სპეციალისტებს არ აქვთ ისე შესწავლილი, როგორც საჭიროა. მინდა აქ ვიცხოვრო, აქაურობით ვიარსებო. მე მირჩევნია ის მქონდეს რაც მაქვს და იყოს ნატურალური პროდუქტი, ამისთვის ვიშრომო, ვიდრე მაგალითად, 5 წელიწადს ვიღაცის 2 კაპიკი გამოვიზოგო და მერე ჩემს შვილებს საბანაო და სათევზაო არ დარჩეთ და დარჩეთ ზვავსაშიში, ეროზიული მიწა.’’- აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი ბეკო შათირიშვილი.
,,ათასჯერ გავაფრთხილეთ ეს კომპანიები. მათ თქვეს, რომ თუ 100 კაცში 90 კაცი იქნება წინააღმდეგი ჩვენ ჰესს არ ავაშენებთო. იყო საინიციატივო ჯგუფის მხრიდან ბევრჯერ დაფიქსირებული უარი. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაიგონ, ერთხელ და სამუდამოდ, რომ არ გვინდა და დაგვანებონ თავი ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე. ხალხისთვის არანაირი სიკეთე არ ხდება.’’- ამბობს სოფელ სურების მკვიდრი ივანე ლაგვილავა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის მხრიდან ინვესტორები წინააღმდეგობას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აწყდებიან, რაც პროცესს აფერხებს და დროში წელავს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ’’ (GREDA) საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. ,,კომერსანტი’’ ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მაია მელიქიძეს ესაუბრა და მას ინიციატივის განმარტება სთხოვა.
,,კანონპროექტი ითვალისწინებს გრძელვადიანი სარგებლის განაწილებას ადგილობრივი მოსახლეობისადმი, რომელიც ცხოვრობს ზეგავლენის არეალში. როდესაც ჰესი მშენებლობის პროცესში გადადის, ხდება ქონების გადასახადის გადახდა. ქონების გადასახადი გადაიხდება ცენტრალურ ბიუჯეტში, შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტიდან ეს თანხა მოდის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს ამ თანხას. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ჰესი, რომელიც აშენდება მომავალში და გადაიხდის ქონების გადასახადს ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ის დაბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, იმ ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი მოხმარდეს ზუსტად იმ სოფელსა და იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს იმ არეალში, სადაც შენდება ჰიდროელექტროსადგური. დაკმაყოფილდეს ის თხოვნა, რომელიც გააჩნია ადგილობრივ მოსახლეობას. ეს შეიძლება იყოს წყალმომარაგება, გაზის გაყვანა, სკოლის მშენებლობა ან გარემონტება, ან თუნდაც კულტურული ღონისძიების მოწყობა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს შინაარსს. აქ მთავარია, რომ ეს თანხა მოხმარდეს უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებს. ახლა მუნიციპალიტეტი თვითონ განაგებს ამ თანხას. შესაძლებელია მან პრიორიტეტი მიანიჭოს სხვა სოფელში არსებულ სიტუაციას და ეს თანხა სხვა მიმართულებით მიმართოს. ამ დროს, რა თქმა უნდა მოსახლეობიდან მოდის გაღიზიანება და ისინი სვამენ ძალიან ლოგიკურ კითხვას - აქ, რომ შენდება ჰესი და ინვესტორი, რომ იღებს შემოსავალსა და მოგებას, მე რა? ამიტომ, ინვესტორები ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურად აგვარებენ ამ საკითხს. ვიღაცას მეტი შეხვდება, ვიღაცას ნაკლები სარგებელი, ამიტომ ყოველთვის არის მეტის და მეტის მოთხოვნა ინვესტორის მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რომ სარგებელი უნდა იყოს ყოველწლიური, სისტემატური და უნდა დაკმაყოფილდეს ის სურვილი და თხოვა, რაც აქვს უშუალოდ ამ მოსახლეობას.’’- განმარტავს ჩვენთა საუბარში მაია მელიქიძე.
საკანონმდებლო ინიციატივა ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ’’ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად შეიმუშავა.
ჩვენ ახალი არაფერი მოგვიგონებია. ცივილური სამყაროს პრაქტიკა შევისწავლეთ. გნახეთ ნორვეგიის მაგალითი, სადაც ძალიან აქტიური იყო პროტესტი და გამოსვლები. შესაბამისად, ვნახეთ რა გადაწყვეტილებები მიიღეს. ამ გადაწყვეტილებებით ვიმოქმედეთ და კოპირება არ გაგვიკეთებია, არამედ მოვახდინეთ ჩვენს რეალობასთან მორგება. ის რაც უკვე მუშაობს სხვაგან იმის გადმოტანას ვცდილობთ და ვხედავთ, რომ აქაც იმუშავებს. ჩვენ ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასთან გავტესტეთ. მათი მხრიდან წამოვიდა დადებითი განწყობა, რომ თუ ასე მოხდება, მაშინ მათ აღარ ექნებათ ამ ტიპის დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ.’’- აცხადება მაია მელიქიძე.
ინიციატივას მხარს უჭერს ეკონომიკის სამინისტრო. თუმცა მისთვის საბოლოო ფორმის მისაცემად, რათა კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად გადაეცეს, საჭიროა კიდევ ორი უწყების: ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროების მხარდაჭერა.
,,ეკონომიკის სამინისტროში გავლილია ეს საკითხი იურისტებთან. ჩამოყალიბებულია და შესაბამისი ფორმა აქვს მიცემული. აუცილებელია ახლა, რომ სამინისტრომ ეს დააინიციროს პარლამენტში, მაგრამ პარლამენტამდე სანამ მივა, არის კიდევ ორი სამინისტრო. ეს არიან ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროები. მინდა ორივე სამინისტროს ვთხოვო, იდეოლოგიურად მათ ესმით რაზე ვსაუბრობთ და მხარს გვიჭერენ, მაგრამ ფორმალური მხარე მისცენ ამ ყველაფერს და დაგვიჭირონ მხარი, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს პარლამენტში.’’- აცხადება მაია მელიქიძე.