ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 78 ახალი მიკროავტობუსის შესაძენად 11.9 მილიონი ლარის ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11,913,720 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, შესასყიდი მიკროავტობუსების რაოდენობა საორიენტაციოა და შესაძლოა არაუმეტეს 10%-ით შეიცვალოს. წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება. განაცხადში არაა მითითებული თუ რომელი მუნიციპალიტეტებისთვის იგეგმება ამ მიკროავტობუსების შეძენა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულების მიხედვით, ერთი მიკროავტობუსის ღირებულება საშუალოდ 152,740 ლარს შეადგენს. ეს თანხა მხოლოდ ავტომობილის ფასს არ წარმოადგენს — სატენდერო წინადადებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკროავტობუსის 200,000 კილომეტრამდე გეგმური ფლობისა და საგარანტიო მომსახურების შესაბამისი ხარჯებიც.
ტენდერით მოთხოვნილია 2026 წლის ან უფრო ახალი გამოშვების, ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი მიკროავტობუსები, რომელთა გარბენი მიწოდებისას 200 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ყველა მიკროავტობუსი ერთი და იმავე ბრენდისა და მოდელის უნდა იყოს.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, მიკროავტობუსები დიზელზე უნდა მუშაობდეს და მინიმუმ Euro 6-ის ემისიის სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ძრავის მოცულობა 2-დან 3 ლიტრამდე, სიმძლავრე კი არანაკლებ 130 ცხენის ძალა უნდა იყოს. ავტომობილს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.
გაბარიტების მიხედვით, მიკროავტობუსის:
-
სიგრძე — არაუმეტეს 7 მეტრი;
-
სიმაღლე — არაუმეტეს 3 მეტრი;
-
სიგანე — არაუმეტეს 2.5 მეტრი, გვერდითი სარკეების ჩათვლით.
სალონში მინიმუმ 16 მგზავრისთვის უნდა იყოს დასაჯდომი ადგილი და დამატებით ერთი ადგილი მძღოლისთვის. მოთხოვნილია სრული სალონის კონდიცირება, გათბობა და ვენტილაცია, ბორტკომპიუტერი, წინა და უკანა პარკინგის სენსორები, მინიმუმ ორი უსაფრთხოების ბალიში და ყველა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედი.
საწვავის ავზის მოცულობა არანაკლებ 70 ლიტრი უნდა იყოს. საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კილომეტრზე მაქსიმუმ 11 ლიტრით, შერეულ რეჟიმში კი 10.5 ლიტრითაა განსაზღვრული.
მიკროავტობუსების ფერი ლურჯი ან თეთრი უნდა იყოს, შემსყიდველთან შეთანხმებით. ავტომობილები მარცხენასაჭიანი უნდა იყოს.
მწარმოებელს M2 კატეგორიის მიკროავტობუსების წარმოების მინიმუმ 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პრეტენდენტს თბილისში მწარმოებლის მინიმუმ ერთი ავტორიზებული სერვისცენტრის არსებობის დადასტურებაც მოეთხოვება.
საგარანტიო და გეგმიური მომსახურება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. გეგმიური მომსახურების ნაწილი მობილური სერვისჯგუფების მეშვეობით, უშუალოდ შემსყიდველის ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს.
მიკროავტობუსების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მიმწოდებელი ასევე საკუთარ თავზე იღებს განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯებს.