20 დღეზე მეტია, აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილები საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შეყოვნებული არიან. აზერბაიჯანული  მედიის, Caliber.az-ის  ინფორმაციით, მძღოლები ამბონენ, რომ ქართული სატვირთოები საბაჟო შემოწმებას უპრობლემოდ გადიან, მაშინ როდესაც აზერბაიჯანელ მძღოლებს რიგში დგომა საათობით და ზოგჯერ რამდენიმე დღითაც უწევთ.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული გამოცემა წერს, რომ ქართველ მებაჟეებს „უხეში დამოკიდებულება“ აქვთ და მძღოლებს დამატებით განმარტებებს არ აძლევენ, თუ რატომ ვერ კვეთენ საზღვარს.

გამოცემა Caliber-ის ავტორი, სამირ ველიევი, აღნიშნავს, რომ ვითარება შესაძლოა რეგიონში ლოგისტიკური რეალობის ცვლილებებმა გაამწვავა.

ველიევის თქმით, თბილისში ხედავენ, რომ ზანგეზურის კორიდორი აღარ არის შორეული პერსპექტივა და ახალი ინფრასტრუქტურა უკვე რეალურ შესაძლებლობად გარდაიქმნა. მისივე შეფასებით, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ლოგისტიკურმა მონოპოლიამ შესაძლოა კონკურენციის გაძლიერების პერსპექტივა მტკივნეულად აღქმევინოს.

„ზანგეზურის მიმართულებას აქვს პოტენციალი გააძლიეროს მთელი რეგიონის ეკონომიკა, მათ შორის საქართველოსი - ის ქსელს აფართოებს და არსებულს არ ცვლის. თუმცა ყველა დონეზე ეს ლოგიკა არ მუშაობს. იქ, სადაც უნდა ჭარბობდეს რაციონალური გათვლა, ხშირად ჩნდება ემოციური შური,“ - წერს ველიევი. მისივე ცნობით, ქართველი თანამშრომლების ნაწილი მძღოლებს „ზანგეზურით წასვლას“ ურჩევს და ამის თაობაზე ისეთ ტონალობაში ესაუბრებიან, რომელიც „პროფესიულ ნეიტრალობას სულაც არ ჰგავს“.

სტატიის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ შესაძლოა ვითარება გარკვეულ ჯგუფებს უკავშირდებოდეს, რომლებიც „ერთი ჩრდილოელი ქვეყნის“ ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი. მისი ვერსიით, მათ შეეძლოთ შეექმნათ პირობები, რომლებიც აზერბაიჯანელი მძღოლებისთვის საქართველოში გადაადგილებას ართულებს.