წარმატებული ბიზნესიდეა ზოგჯერ კონკრეტული პრობლემის პასუხად ჩნდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა მამაცაშვილის, „წერტის“ დამფუძნებლის ისტორია ასეთია.

ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ბიძინასა და მის მეგობრებს საკვების საწარმო ჰქონდათ, რომელიც ფერმერებს კომბინირებულ საკვებს აწვდიდა. თუმცა, ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია და, შესაბამისად, თანხის გადახდა უჭირდათ. ბიძინამ და მისმა მეგობრებმა მარტივად დაინახეს პრობლემაც და გამოსავალიც: მათ გახსნეს მაღაზია, სადაც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის საშუალება მიეცათ.

სახელი „წერტი“ შემთხვევით არ შერჩეულა. ბიძინამ გაიხსენა, რომ მის სოფელში არსებობდა ადგილი, რომელსაც „წერტის მოსახვევი“ ერქვა და სადაც ძველად სოფლის პროდუქცია იყიდებოდა. ამ ისტორიულმა კონცეფციამ საწყის იდეას სიღრმე და უნიკალურობა შესძინა - ასე გაერთიანდა წარსულის გამოცდილება, აწმყოს პრობლემა, მომავლის ხედვა და გაჩნდა „წერტი“.

გამოწვევები და შეუპოვრობა

იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე არ არსებობს. „წერტისთვის“ პირველი დიდი დაბრკოლება პანდემია აღმოჩნდა, რომელმაც სრულად შეცვალა დღის წესრიგი და ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწია.

„ბევრი გვეუბნებოდა, რომ გავჩერებულიყავით, თუმცა ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქცეთ, როცა არა თუ გავჩერდით, ახალი ფილიალი გავხსენით.“

ბიძინას თქმით, ყველა ბიზნესიდეასა და მის სისრულეში მოყვანას უნიკალური გამოცდილება ახლავს თან. ამიტომ, ყველა ახალი წამოწყებისას გულწრფელი და ღია გაზიარება ეხმარება:

„რაც უნდა წინასწარ გათვალოთ მოსალოდნელი რისკები ან პრობლემები, რეალობაში სულ სხვა სურათი დაგხვდებათ - გამკლავებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ შთაგონება და ჟინი.“

„წერტის“ მთავარი გამოწვევა პირველადი ემოციური მუხტისა და დისციპლინის შენარჩუნებაა.

„ხშირად არის მომენტები, როცა ვფიქრობთ, ღირდა კი ეს ყველაფერი ამად? სხვანაირად ცხოვრება არ შეგვიძლია და კი, რა თქმა უნდა, ღირდა და ღირს.“

დღეს „წერტი“ ფერმერებს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია გაყიდონ, მომხმარებელს კი - ხარისხიანი სოფლის პროდუქტი შეიძინონ. კომპანია უწყვეტად ვითარდება და მომავალში სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.

„წერტის“ ამბავი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სირთულეები წარმატების საწყისად შეიძლება იქცეს, თუკი მათ გაბედულებას, ჟინს და შეუპოვრობას დავახვედრებთ.