თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით - ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კიდევ ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, ამასთან დაკავშირებით იურისტის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
- 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევებშიც;
- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
- მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
- მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;
- 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
იურისტის ინფორმაციით, თუ წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი გაქვთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია, ან დარიცხული გაქვთ გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, უფლება გაქვთ არ წარადგინოთ დეკლარაცია. მისი განმარტებით, საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაგარიცხავთ ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით. თუ მიმდინარე წელს აღარ წარმოგეშვათ ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან შეგიძლიათ წარადგინოთ განაცხადი დეკლარაციის არ წარმოდგენის შესახებ.
ცნობისათვის, ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.