უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა გადაწყვიტა გაათავისუფლოს გაკოტრებული ბანკ Credit Suisse-ის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო წერს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება 3 ეტაპად მოხდება, პირველი - ივლისის ბოლოს დაიწყება, შემცირების ბოლო ეტაპი კი ოქტომბერშია დაგეგმილი. თანამდებობიდან გათავისუფლების დიდი ნაწილი გავლენას მოახდენს Credit Suisse-ის საზღვარგარეთის ფილიალების თანამშრომლებზე ლონდონში, ნიუ-იორკსა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.
Bloomberg-ის თანახმად, UBS აპირებს გაათავისუფლოს თანამშრომლების დაახლოებით 30%. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი 120 000-დან UBS-ის თანამშრომელთა რიცხვი 85 000-მდე შემცირდება.
მანამდე UBS-მა Credit Suisse-ის შესყიდვის გარიგების დასრულება ოფიციალურად გამოაცხადა. შეტყობინებაში დაამატეს, რომ UBS Group AG შემდგომში UBS AG-ს და Credit Suisse AG-ს მართავს.
მიმდინარე წლის 17 მაისს, UBS-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში შეტანილმა განცხადებამ აჩვენა, რომ შვეიცარიული ბანკ UBS-ის ხელმძღვანელობა 34,8 მლრდ დოლარის ერთჯერად შემოსავალს ელოდება Credit Suisse-თან (CS) შერწყმით. შემოსავლების ოდენობაზე, სხვა საკითხებთან ერთად, CS-ის რეპუტაციის კლებამ იმოქმედა, რამაც ბანკის ღირებულება შეამცირა.