ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 274 102 ლარი შევიდა. იანვარ-ივნისში კი ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა 990 165 ლარი შეადგინა.

წლიურ ჭრილში უბილეთო მგზავრობისთვის გადახდილი ჯარიმების მოცულობა შემცირებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 1 735 471 ლარი შევიდა.

თბილისში, ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, 40 ლარის ოდენობის საურავი ეკისრება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს, იანვარ-ივნისში, სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტი 174 588 123 მლნ ლარით შეივსო. მხოლოდ ივნისში კი, გადახდილი ჯარიმებით ბიუჯეტში 38.557 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 7 მლნ ლარით მეტია.