„უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში ლარს, უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, დიდი ცვლილებები არ ელოდება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომისტმა ოთო აბესაძემ განაცხადა.

„ქართულმა ბანკებმა დიდი სესხების გაცემა, განსაკუთრებით დეველოპერებისთვის ან დეველოპერული მიზნებისთვის, ზუსტად 2 თვის წინ, 6-თვიანი პერიოდით შეწყვიტეს. ამ ფაქტმა დოლარის ცირკულაციის დინამიკა ძალიან შეანელა - ბანკებს მარაგები შემონახული აქვთ და მათი გასესხება აღარ ხდება, რაც გრძელვადიან მოცემულობაში მათთვისაც ძალიან ცუდი სცენარია - დღესდღეობით გაცემული სესხების ბენეფიტებს იღებენ, მაგრამ ხვალ-ზეგისთვის დიდ მასშტაბზე გათვლილი სამუშაო პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეჩერებული აქვთ.

რაც შეეხება ლარის სხვა ვალუტებთან გამყარება-დასტაბილურების კიდევ ერთ საკვანძო ფაქტორს, ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოში ჩამოსახლებულ ადამიანებსა და მათ მიერ შემოტანილ ქეშს უკავშირდება. ამ ხალხმა ქეშის ძირითადი ნაწილი ბოლო თვეებში შეიტანა საბანკო ანგარიშებზე, რამაც, ცხადია, ლარის დოლართან და სხვა ვალუტებთან დასტაბილურების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინა.


ამ ორი წონადი არგუმენტის გათვალისწინებით, ვივარაუდებდი, რომ უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში ლარს, უცხოურ ვალუტებთან მიმართებით, დიდი ცვლილებები არ ექნება. 4 თვის შემდეგ კი ბანკების მიერ დიდ სესხებზე აღებული 6-თვიანი პაუზის ვადაც სრულდება და ასევე აშშ-ის მთავრობის ახალი ადმინისტრაციის ჩვენთან დაკავშირებული პოზიციები და დამოკიდებულებებიც უფრო ნათლად გამოიკვეთება - ამას მსხვილ უცხოურ ინვესტიციებთან და მთლიანად ჩვენს ეკონომიკასთან, ცხადია, სერიოზული შეხების წერტილები აქვს და ექნება,“ - აღნიშნა აბესაძემ.

bpn.ge