აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ახალი განყოფილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება და მისი მიზანი რუსეთის გავლენასთან ბრძოლა იქნება.

აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ მიხედვით, კონგრესი დაავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შექმნას განყოფილება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გავლენას სხვა სუვერენულ ქვეყნებზე და რუსეთის სხვა „მავნებლურ ქმედებებს „იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან აშშ-ის მოკავშირეები ან პარტნიორები“.

საუბარია ქმედებებზე, რომლებიც „ეხება, ემუქრება ან ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს“.

პროექტის მიხედვით, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ომის მდივანი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეგულარულად გააგზავნიან კონგრესში ანგარიშს „რუსეთის და ჩინეთის მავნებლური ოპერაციებისა და კამპანიების შესახებ, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ბალკანეთის ქვეყნებში“.

ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა შევიდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკვე შეათანხმეს და ის უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

1tv.ge