„საქართველოს განვითარების ფონდის“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) შემოსავალმა 2022 წელს 488 მლნ ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 401 მილიონი. შესაბამისად, ფონდმა გასული წელი 87 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, კომპანიის რისკის რეიტინგი საშუალო რისკიდან  გაუმჯობესდა დაბალ რისკამდე, რაც რიგი გარემოებების შედეგია:

  • შემცირდა კომპანიის საქმიანობის მასშტაბი და ასეთივე პროპორციით შემცირდა კომპანიასთან ასოცირებული ფისკალური რისკები. კერძოდ, კომპანიის მართვაში არსებული მსხვილი საწარმოები - საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია დაუბრუნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
  • კომპანიამ 2022 წელს წინსწრებით დაფარა „კრედიტ ევროპა ბანკის“ მიმართ დარჩენილი სესხი;
  • საპარტნიორო ფონდის სესხი საქართველოს რკინიგზის მიმართ (18.1 მლნ) გაიქვითება გარდაბნის თბოელექტროსადგურის წილში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში;
  • კომპანიამ გაანულა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ არსებული სესხი.

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) უკვე დაიწყო შეცვლილი სახელით და სტრუქტურით საქმიანობა.  შეიცვალა ფონდის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. დავით საგანელიძემ, რომელიც საპარტნიორო ფონდს ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოსტი დატოვა. ფონდის ახალი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე იქნებიან.

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა (ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი,  ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) და ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

„საქართველოს განვითარების ფონდის“  წესდებით განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

აქციონერის (100% სახელმწიფო) ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად.