„თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით, ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს 1 დოლარის ღირებულება 2.9 ლარს მიაღწევს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა.

„უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, გამოვყოფთ ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტლიდან 2024 წლის მე-3 კვარტლის ჩათვლით): საქონლის იმპორტი ($14.7 მლრდ); საქონლის ექსპორტი ($8.3 მლრდ); ტურიზმიდან შემოსავლები მიგრაციის გარეშე (დაახლ. $4.0 მლრდ); მიგრაციის ეფექტი (დაახლ. $1.1 მლრდ); უცხოეთში მოგზაურობა ($490 მლნ); წმინდა ფულადი ტრანსფერები ($4.0 მლრდ); წმინდა დივიდენდები უცხოური ინვესტიციიდან ($1.1 მლრდ); წმინდა რეინვესტიცია უცხოური ინვესტიციიდან ($1.0 მლრდ); წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეინვესტიციის გარეშე (-$147 მლნ); წმინდა პორტფელური ინვესტიციები, სესხები და სხვა ინვესტიციები სექტორულად: მთავრობა ($309 მლნ), კერძო სექტორი ($192 მლნ), კომერციული ბანკები (-$133 მლნ).

რომელია ყველაზე მგრძნობიარე აღნიშნული ნაკადებიდან? ტურიზმიდან შემოსავლები, დაახლ. 45%-იანი იმპორტის კომპონენტის ჩათვლით; მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად იმპორტულია; და, აგრეთვე, ინვესტიციები. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის, თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა - ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, ხოლო გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე რჩება.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარეობს. შესაბამისი ნაშთები, დეკემბრის მდგომარეობით, მოცულობითია და ასე გამოიყურება: ლარის სესხები - $12.6 მლრდ (დოლარის ეკვივალენტი), უცხოური ვალუტის სესხები - $9.6 მლრდ, ლარის დეპოზიტები - $9.8 მლრდ და უცხოური ვალუტის დეპოზიტები - $10.9 მლრდ. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, ხოლო, სესხების მხრივ, უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში, მომატებული გაურკვევლობის ფონზე, ჩვენი რეკომენდაცია კვლავ დივერსიფიკაცია და საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებაა, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, მნიშვნელოვანი დანაკარგები მოსდევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.