თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი.
მერიის მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებები 145.6 მილიონ ლარამდე (14 მლნ ლარით).
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ასეთია:
- საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია - 346 მილიონი ლარი;
- საბავშვო ბაღების დაფინანსება - 219 მილიონი ლარი.
- თბილისის ავტობუსების პარკის განახლება - შევსება - 145 მილიონი ლარი;
- ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება ("თბილსერვის ჯგუფისთვის" გამიზნული სუბსიდია) - 130.5 მილიონი ლარი;
- სოციალური დაცვა - 127.5 მილიონი ლარი;
- თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსება, ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება, გამაგრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 110 მილიონი ლარი;
- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა შეკეთება - 102 მილიონი ლარი;
- ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა - 83.2 მილიონი ლარი;
- ბიბლიოთეკების და კულტურის დაფინანსება - 40 მილიონი ლარი;
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები - 38 მილიონი ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვა - 37.5 მილიონი ლარი;
- გარე განათება - 33 მილიონი ლარი;
- დასვენება, რეკრეაცია, სპორტი - 14 მილიონი ლარი;
რაც შეეხება თბილისის მერიის 2025 წლის შემოსავლებს, ადგილობრივი გადასახადებიდან მერია 905 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, ხოლო დღგ-დან 601 მილიონი ლარის შემოსავალს პროგნოზირებს.
გარდა ამისა, 2025 წელს თბილისის მერია ცენტრალური მთავრობიდან 513 მილიონი ლარის კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების მიღებას გეგმავს. მომდევნო წელს თბილისის მერია საჯარიმო შემოსავლებიდან 115 მილიონი ლარის, აზარტული თამაშების მოსაკრებლებიდან 60 მილიონი ლარის, მშენებლობის ნებართვების მოსაკრებლებიდან 19 მილიონი ლარის; ტაქსის სანებართვო მოსაკრებლებიდან 4.8 მილიონი ლარის, დასუფთავების მოსაკრებლიდან 80 მილიონი ლარი მიღებას ელის.