„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

1-ელი ნოემბრის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის კარის მიმოხილვას, კერძოდ კი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციას მიეძღვნა.

ვის აქვს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ნორმებს განსაზღვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

დასაბეგრი პირი ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. გაითვალისწინეთ, რომ ტერმინი „ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვე“ არ ნიშნავს კალენდარულ წელს პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე, არამედ გულისხმობს პერიოდს პირობითად 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე, 2022 წლის 05 ივლისიდან 2023 წლის 05 ივლისამდე და ა.შ. ამ შემთხვევაში დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშვება 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების მომენტიდან იმ ოპერაციის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა ზღვარს. მაგალითად თუ დასაბეგრ პირს 11 თვის განმავლობაში ჰქონდა 95 000 ლარის ბრუნვა და მეთორმეტე თვეს ერთიანი ოპერაციის ფარგლებში განახორციელა 6000 ლარის დასაბეგრი ოპერაცია მას მოუწევს არა მხოლოდ იმ ოდენობის დაბეგვრა რამდენითაც გადასცდა 100 000 ლარს, ანუ 1000 ლარის, არამედ სრული 6000 ლარის, რადგან მთლიანად ამ ოპერაციით გადააჭარბა მან აღნიშნულ ზღვარს.

არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დასაბეგრ პირს 100 000 ლარიან ზღვარზე გადაჭარბების გარეშეც წარმოეშვება დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება:

1) აქციზური საქონლის მწარმოებელი პირი, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის;

2) რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

3)დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან ან წევრისგან შენატანის სახით საქონლის ან მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო ან ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

პირს ასევე შეუძლია ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:

ა) დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;

ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;

გ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული გარკვეული ოპერაციებისა, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებშია განსაზღვრული.

დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის ამავე სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

ზემოაღნიშნული დებულებების მიუხედავად, დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.

განვიხილოთ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება:

თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება ასევე შემდეგ შემთხვევებში:

  • საწარმოს ან ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან.
  • პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;
  • დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;
  • გაკოტრების რეჟიმის დაწყებისას - სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა შემდეგ პირებს:

  • საქონლის იმპორტის განმახორციელებელ პირს;
  • საგადასახადო აგენტს, ოპერაციაზე, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება;
  • საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს, ამ საქონლის რეალიზაციისას საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით;
  • საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ პირს, საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციისას;
  • დასაბეგრ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში ან საქართველოში არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს მომსახურების გაწევაში, თუ მის მიერ განხორციელებული მომსახურების გაწევის ადგილი ამ კოდექსის შესაბამისად საქართველოა და ეს ოპერაცია არ იბეგრება უკუდაბეგვრის წესით.