საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2%-ს შეადგენს. მანამდე სები მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა. სებ-ში განმარტავენ, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების გაძვირებით არის განპირობებული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი ესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ ნიშნულთან შედარებით კვლავ დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივება ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების რისკებს ზრდის.
სებ-ის შეფასებით, საბაზო ინფლაცია, რომელიც არ მოიცავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს და უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებს, ივნისში 3.2% იყო და მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდა.
ამავე დროს, მომსახურების ინფლაცია 4.1%-მდე დაჩქარდა, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუთითებს, რომ მეორე რაუნდის ინფლაციური ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ აქტუალურია.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ის ინფორმაციით, კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.