ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუფასურების ტრენდს ინარჩუნებს. 20 ივლისი შემდეგ, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 9 თეთრით გაუფასურდა. 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 2.44 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6491 ლარი გახდა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გახდა კურსის გაუფასურების მიზეზი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფაქტორები, რაც ლარზე დადებითად მოქმედებს, არ გაუარესებულა. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას აზრით, ქართულმა საბანკო სისტემამ ისევ მოინდომა კურსის რყევებიდან გარკვეული შემოსავალი მიიღოს.

„ბოლოდროინდელი რყევები დაკავშირებულია იმასთან, რომ ეროვნული ბანკი ნებას რთავს კომერციულ ბანკებს ფული გააკეთონ, თორემ სხვა მხრივ ლარს გაუფასურების არანაირი მიზეზი არ აქვს. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეროვნული ბანკი უბრალოდ არ ერევა ოპერატიულად სიტუაციაში, იმისათვის რომ ასეთი რყევები არ მოხდეს. სამწუხაროდ ეს რყევები საწვავზე ფასების მომატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

პირდაპირ ვთქვათ, ქართულმა საბანკო სისტემამ ისევ მოინდომა, რომ კურსის რყევაზე გარკვეული შემოსავალი მიიღოს. ლარი აუცილებლად დასტაბილურდება, რადგან სავალუტო შემოდინება ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე, კურსი ვერ გაუფასურდება ისე, როგორც იყო წინა პერიოდებში.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაო რაოდენობის დოლარს იღებს სავალუტო ბაზრიდან, მაგრამ სებ-ი არასდროს არ ერევა მომენტალურად მაშინ, როდესაც პატარა რყევებია. გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს აწყობს ასეთი ცვლილება, რითაც მაქსიმალურად ისარგებლებენ კომერციული ბანკები და დაზარალდებიან მცირე და საშუალო სუბიექტები.

ჩვენი პროგნოზით, აგვისტოში ლარი იმერყევებს 2.55-2.65-ის ფარგლებში“, - ამბობს ნიკა შენგელიამ.

Galt&Taggart-ი 2023 წელს ლარის საშუალო კურსს, დოლართან მიმართებით 2.55-ს ვარაუდობს. მათი თქმით, ბოლოდროინდელი გაუფასურება ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება.

რაც შეეხება „თიბისი კაპიტალს“, საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, მიმდინარე წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.55-ის ფარგლებში იქნება, 2024 წელს 2.70-ის, ხოლო 2025 წელს 2.60-ის.