დისინფლაციის მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით შეამცირებს 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე. ინფორმაციას Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მნიშვნელოვნად, 0.6%-მდე შენელდა, წინა თვის 1.5%-იანი დონიდან. აღნიშნული შემცირება ძირითადად შერეული (-6.8% წ/წ) და იმპორტირებული საქონლის (-5.9% წ/წ) ინფლაციის კლებამ განაპირობა. ამასთან, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას (+8.5% წ/წ ივნისში, ხოლო +9.1% წ/წ მაისში).
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მცირედით გაიზარდა მაისში და 4.0% შეადგინა (+0.1პპ თ/თ). 2023 წლის ივნისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (-11.6% თ/თ, -1.45პპ), ჯანდაცვა (-6.9% თ/თ, -0.67პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.4%, 0.50პპ),საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.5%, 0.46პპ), სასტუმროები და რესტორნები (+10.2%, 0.37პპ) და განათლება(+6.8%, +0.31პპ).
ამასთან, 2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.7%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (-3.2%, -1.08პპ) კატეგორიაში.