საქართველოს რეალური საპროცენტო განაკვეთი, რეგიონისა და სავაჭრო პარტნიორ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული.
გლობალურად მაღალი ინფლაციური წნეხის საპასუხოდ მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს, რაც რეალური საპროცენტო განაკვეთების ზრდაში აისახება. რეალური საპროცენტო განაკვეთი ეს არის ინფლაციაზე კორექტირებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გვიჩვენებს სესხის რეალურ ხარჯს მსესხებლისთვის და რეალურ სარგებელს გამსესხებლისთვის/ ინვესტორისთვის.
„რეალური საპროცენტო განაკვეთი არის მონეტარული პოლიტიკის ერთობლივ მოთხოვნასა და, საბოლოოდ, ფასებზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთი სესხის ხარჯს ზრდის და მას ნაკლებ მიმზიდველს ხდის მაშინ, როდესაც დაზოგვა უფრო მიმზიდველი ხდება. დაზოგვისკენ მიდრეკილების ზრდა და სესხებზე მოთხოვნის კლება, თავის მხრივ, მთლიანი მოთხოვნის შემცირებაში აისახება, რაც საბოლოოდ ინფლაციურ წნეხს არბილებს; პირიქით, დაბალი რეალური საპროცენტო განაკვეთი სესხის აღებას ასტიმულირებს, ეკონომიკური აქტივობას აძლიერებს და ინფლაციას ზრდის. რეალური საპროცენტო განაკვეთი გამოითვლება როგორც სხვაობა ნომინალურ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციის მოლოდინს შორის.
ამდენად, საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნების რეალური საპროცენტო განაკვეთის შედარების ანალიზი. თუკი დავეყრდნობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ ინფლაციის პროგნოზებს, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მოლოდინების საზომებს, გამოდის, რომ საქართველოს რეალური საპროცენტო განაკვეთი, რეგიონისა და სავაჭრო პარტნიორ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც საქართველოში საკმაოდ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაზე მიუთითებს. საქართველოში მაღალ რეალურ საპროცენტო განაკვეთს, ერთი მხრივ, ინფლაციის მოლოდინის შემცირება, ხოლო, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნება განაპირობებს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
