საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროგრესზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის მიმართულებით. მისი თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში ასევე რჩება საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება.
„ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია“ — წლევანდელი დიალოგის თემა კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა თუ ენერგოსისტემებით. კლიენტებისთვის მომსახურების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით მასშტაბების გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებული საჭიროებების ფონზე, რათა შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს რეგიონებს და უზრუნველყოფს ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტი ტემპით გაიზარდა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ ნიშნულზე დარჩა.
ლაშა ხუციშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში ბანკის როლის გააქტიურებაზე.
ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის, ასევე AIIB-ის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.