სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე გასულ წელს 573 085 პოლისი გაიყიდა, კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ კი ჯამში თითქმის 11 მლნ შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 83%-ით გაიზარდა.

სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდ წილს „ჯი პი აი“ ფლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ 229,457 სამოგზაურო დაზღვევის პოლისი გაყიდა, მოზიდულმა პრემიამ კი 3,667,005 ლარი შეადგინა. 

სამოგზაურო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით მეორე ადგილზე „თიბისი დაზღვევაა“ 1 784 098 ლარით, კომპანიამ გასულ წელს 79 616 პოლისი გაყიდა. მესამე ადგილზე კი 1 559 874 ლარის მოზიდული პრემიით „იმედი l“-ია, რომელმაც 75 ათასზე მეტი პოლისი გასცა.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე „ევროინს ჯორჯიაა“ 1 273 336 ლარის მოზიდული პრემიით და 51 663 გაცემული პოლისით. სამოგზაურო დაზღვევის ბაზრის ხუთეულს კი „უნისონი“ ასრულებს, რომელმაც 17 ათასზე მეტი პოლისი გასცა და 621 062 ლარის პრემია მოიზიდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, სამოგზაურო დაზღვევის ბაზარზე მოზიდული პრემიით პირველი სამეულს „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „ევროინს ჯორჯია“ და იმედი l“ იკავებდა.