სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების კერძო ინვესტიციების ჩანაცვლების თავიდან აცილება — ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებით ნაბიჯებს ელოდება.
სსფ-ის შეფასებით, სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგისა და ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სექტორში რეფორმების გაგრძელება აუცილებელია.
ფონდი აღნიშნავს, რომ ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი ცვლილებების საფუძველს ქმნის, თუმცა მისი ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება.
„კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა“, — აღნიშნულია სსფ-ის მისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განსაკუთრებული ყურადღება სსფ-ს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციის საქმიანობაზე აქვს გამახვილებული. ფონდის შეფასებით, კორპორაციამ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით ბაზარზე არსებული ხარვეზები უნდა შეავსოს, თუმცა ისე, რომ კერძო სექტორის დაფინანსება არ ჩაანაცვლოს და დამატებითი ფისკალური რისკები არ შექმნას.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშაოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას“, — აცხადებს სსფ.
ფონდის ეს რეკომენდაცია სახელმწიფო კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობასა და კერძო სექტორთან კონკურენციის თავიდან აცილებას ეხება. სსფ-ის მიდგომით, სახელმწიფო ჩართულობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის იმ პრობლემებს უნდა პასუხობდეს, რომელთა მოგვარებაც ბაზარს დამოუკიდებლად უჭირს და არა კერძო დაფინანსების ალტერნატივას ქმნიდეს.
ამრიგად, სსფ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყურადღებას არა მხოლოდ ფინანსურ ზედამხედველობაზე, არამედ მართვის ხარისხზე, ანგარიშვალდებულებასა და სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტიანობაზეც ამახვილებს.