„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა“, - ამის შესახებ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პრესსპიკერმა „ამერიკის ხმას“ განუმარტა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დაააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს.
ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.
„ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.