აპრილში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა, შესაბამისად, საშუალო ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა. საქართველოს საფონდო ბირჟამ გარიგების გარეშე დახურა მარტის თვეც.
ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა „კომერსანტთან“ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია ფინანსური თვალსაზრისით საერთაშორისო ბაზარზე უკეთესი პირობები იყოს საქართველოში.
„კაპიტალის ბაზარი არ შეიქმნება და არ განვითარდება, თუ მაქსიმალურად ბევრი ინვესტიცია არ შემოვიდა და მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე არ იქნება საქართველოს ბაზრით დაინტერესებული. ძალიან რთულია ჩვენნაირ ქვეყნებს საკუთარი კაპიტალის ბაზარი ჰქონდეთ განვითარებული, მარტივი მიზეზით - შეუძლებელია, ფინანსური თვალსაზრისით საერთაშორისო ბაზარზე უკეთესი პირობები იყოს საქართველოში, რადგან ვართ პატარა ბაზარი.
თუნდაც ლარის ფაქტორს რომ შევხედოთ, წლების განმავლობაში იმდენად დიდი გადახრები აქვს, რომ ძალიან რთულია ადამიანი დააინტერესო ასეთი ვალუტით ვაჭრობით, რადგან ძალიან მაღალი რისკებია. მსხვილი ბიზნესი, რომელიც კაპიტალის ბაზარზე ფუნქციონირებს, ნაკლებად დაინტერესდება ჩვენნაირი ქვეყნით. როცა არსებობს დიდი ბაზრები, ბევრად მარტივია ინვესტიცია გააკეთოს იქ და არა საქართველოში, მაშინ როცა მინიმალური დანახარჯებით შეუძლია აქციებიც შეიძინოს, სხვა ქვეყნის ვალუტითაც ივაჭროს და ასე ვთქვათ კარგი პლატფორმა შეარჩიოს ამისთვის, ვიდრე საქართველოს საფონდო ბირჟაა“, - ამბობს ფინანსისტი.
მისი თქმით, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო განუვითარებელია კაპიტალის ბაზარი.
„გარდა ამისა, კაპიტალის ბაზარი ნიშნავს, რომ მოსახლეობა ზოგავს ფულს რომ გაასესხოს, საქართველოს მოსახლეობა კი ღარიბია, არ აქვს დანაზოგები და არ შეუძლია, რომ გაასესხოს. შესაბამისად რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო განუვითარებელია კაპიტალის ბაზარი. ჩვენთან მაგალითად შემოსავლის 35% მიდის საკვებზე, ასეთ პირობებში ძალიან რთულია იმის თქმა, რომ მოსახლეობამ უნდა დაიწყოს დაზოგვა რომ განვითარდეს კაპიტალის ბაზარი. ხელისუფლებამ კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად გადასახადები გაზარდა და საპენსიო ფონდი შემოიღო, მაგრამ შეუძლებელია ამანაც რამე უშველოს და დავალდებულებით რამე გამოვიდეს, ამისთვის საჭიროა ბაზარი იყოს მიმზიდველი“, - აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.
ცნობისთვის საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია.