იპოთეკური სესხები ძვირდება. 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.

კრედიტების გაძვირების ფონზე, მცირდება ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით ნაკლებია. თუმცა, იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით მეტია.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განაკვეთების ზრდა 2024 წლიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად 2025-ში აისახა. ალექსანდრე ძნელაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ბაზარზე კვლავ კლების ტენდენცია დაიწყება, თუმცა გააქტიურებული ლარიზაციის ფონზე მისი მყისიერი ასახვა ნაკლებ სავარაუდოა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ზრდა არ დაწყებულა წლევანდელ წელს. 2024 წელს მაღალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ფონზე არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ ლარზე, არამედ დოლარში და ევროშიც გაიზარდა, მაშინაც ვსაუბრობდით რომ ეს ზრდა შემდეგ პერიოდში შენარჩუნდებოდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ახალი სესხის შეთავაზებაზე და საკრედიტო პორტფელზე მნიშვნელოვნად განსხვავდება. შეთავაზებაზე აისახება მომენტალურად, მაგრამ საკრედიტო პორტფელზე შესაძლებელია 6 ან 9 თვიანი პერიოდი დასჭირდეს. ანუ რეალურად საკრედიტო პორტფელებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი მაჩვენებელი არ არის, ეს 2024 წლიდან დაიწყო და ასახვაა ამ რეალობაში.

აღნიშნული განაკვეთები წლისა დასაწყისში უფრო მაღალი იყო და შემცირების ტენდენცია ექნება წლის ბოლომდე, მაგრამ პორტფელში ეს რამდენად აისახება რთული სათქმელია, რადგან ლარიზაციის პროცესი განახლდა. ლარში საკრედიტო პორტფელის წილის ზრდა მიმდინარეობს, ლარში განაკვეთები უფრო მაღალია და ეს ნიშნავს, რომ მთლიან პორტფელზე უფრო მაღალი განაკვეთები დაფიქსირდება.

უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა დაველოდოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებს. ევროში უკვე შემცირებულია დ მკვეთრ ცვლილებას არ ველით წლის ბოლომდე, რაც შეეხება დოლარში აქ იყოფა აზრები იმასთან დაკავშირებით შეამსუბუქებს განაკვეთს ფედერალური რეზერვი თუ არა, შეიძლება ითქვას პირდაპირპროპორციულად ამაზე ვართ მიბმული. დოლარიზაციის მაჩვენებლის ზრდა იყო და ახლა რადგან ისევ ლარიზაციაა, მოლოდინი, რომ მკაცრი მიდგომები ექნება სებს არ გვაქვს. რადგან გამკაცრებას არ ველით, სავარაუდოა რომ იგივე შენარჩუნდება ან უფრო შემცირდება. ლარში განაკვეთებსაც ასევე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები განსაზღვრავს. გარდა ამისა, წლის დასაწყისში სასესხო პორტფელის ზრდის ტემპი მკვეთრად აღემატებოდა სადეპოზიტო პორტფელის ზრდას, ეს დაეტყო ლარს. ლარში ვერ ვიტყვი, რომ დეფიციტი არსებობდა, მაგრამ მოლოდინი არსებობდა, რომ შესაძლებელი იყო შექმნილიყო ეს დეფიციტი. ზაფხულის განმავლობაში ეს შეიცვალა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეფიციტი აღმოფხვრილია. ამის მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთზე მაღალია ბაზარზე განაკვეთები ლარში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დასტაბილურდება.“ - განაცხადა ძნელაძემ.

მიმდინარე წლის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკის საშუალო მოცულობა 85.6 ათასი ლარია, მაშინ როდესაც წინა წელს ეს მაჩვენებელი 72.4 ათასი ლარი იყო. ეს ერთის მხრივ უძრავი ქონების გაძვირებით, მეორეს მხრივ კი სებ-ის მიერ პირველადი შენატანის მოცულობის შემცირებით არის განპირობებული. თუკი წარსულში პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 15% უნდა ყოფილიყო, 2025 წლის თებერვლიდან სებ-მა ეს მაჩვენებელი 10%-მდე შეამცირა, შესაბამისად შესაძლებელი გახდა ბინის ღირებულების 90%-ის კრედიტით დაფარვა.

bm.ge