საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ქართულ კომერციულ ბანკებსა და პროვაიდერებს რუსულ ბანკთან Точка ბანკთან კავშირი არ აქვთ.
„ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ, არცერთი კომერციული ბანკი და პროვაიდერი არ არის დაკავშირებული ამ ბანკთან. არ აქვს საკორესპონდენტო ანგარიში ამ ბანკთან. რაც შეეხება ლარით გადარიცხვებს, არ ნიშნავს, რომ ჩაერთვება ჩვენს სისტემაში. ეს თუ მათი სურვილი იყო, შეიძლება სადმე შეიძინონ ლარი და ასე მოახდინონ ოპერაციები. ჩვენს სისტემაში არ არიან ჩართული, არ იქნებიან ჩართული და არცერთ ქართულ კომერციულ ბანკს ან ფინანსურ ინსტიტუტს არ აქვს კავშირი ამ ბანკთან", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
როგორც რუსული მედია 28 აპრილს წერდა, რუსულმა ბანკმა Точка ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საბანკო ოპერაციების წარმოება ქართულ ეროვნულ ვალუტაში, რამაც უნდა გაამარტივოს რუსი მეწარმეების ურთიერთობა საქართველოდან კონტრაქტორებთან.
მანამდე Точка კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე ქართულ ბანკში შეეძლოთ დოლარის, ევროს და რუბლის გაგზავნა. ახლა ლარში გადახდა ყველა ბანკში გახდა შესაძლებელი, ნათქვამია პრესრელიზში რომელიც ბანკის მიერ რუსულ მედიას დაეგზავნა. ბანკი ასევე მუშაობს სხვა ვალუტებთან: იუანი, ლირა, ტენგე, დრამი, დინარი.