თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308, 6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით მეტია.
თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის თანხები შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ მისი განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი რეკომენდაციები წარადგინეს. შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს რეკომენდაციებით დედაქალაქის მერიას დაუბრუნდება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის გარდა, საკრებულოს წევრებმა "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცეს. ცვლილებები შევიდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაშიც. ცვლილების მიზანი, მომსახურების მიმწოდებელი სპორტული დაწესებულებებისა და ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა, აგრეთვე, მათთვის მომსახურების მიღების არეალის გაფართოებაა.
დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ კალაძის კანდიდატურა დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ამას გარდა, დეპუტატებმა ცვლილებები შეიტანეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილებით, სააგენტოს ფუნქციებს გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება; აგრეთვე, ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა დაევალება.
დღესვე დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები დაამტკიცეს. საკრებულსო წევრებმა თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხებიც შეათანხმეს. ასევე, სხვადასხვა მისამართებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებმა თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უსახელო ქუჩებს სახელები მიანიჭეს.