კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ი თავის პუბლიკაციაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს მიმოიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 22%-მდეა შემცირებული, თუმცა შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთიდან ინვესტიციების ამ დონემდე შემცირების მიზეზი მის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია, რასაც, თავის მხრივ, კვლევითი ინსტიტური იმით ხსნის, რომ რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებაში ითარგმნება.
11%-მდეა გაზრდილი ინვესტიციების წილი იაპონიიდან, ხოლო 23%-მდე - გაერთიანებული სამეფოდან.
"შეიძლება გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ხშირად მოცემული ქვეყნის ბიზნესის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია კი არ იყოს, არამედ უკავშირდებოდეს ე.წ. ოფშორული ზონებიდან საქართველოში რესურსების სხვადასხვა მიზნით გადმოტანას.
აქვე აღსანიშნავია, რომ მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები შეზღუდა და გააჩერა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. იგივე გააკეთა შვედეთმაც და ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ყველა დასავლელ პარტნიორ ქვეყანასთან, რაც რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე“, - წერია პუბლიკაციაში.
ინვესტიციების განხილვისას, ასევე აუცილებელია სექტორული ანალიზი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ლიდერობდა, რასაც მოჰყვებოდა საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, დამამუშავებელი მრეწველობა და მშენებლობა. სოფლის მეურნეობა კი მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 0% იყო, რაც ე.წ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკის განუსაზღვრელად დიდ წარუმატებლობაზე მიუთითებს.
"რაც შეეხება 2024 წლის 9 თვის შედარებას 2023 წლის 9 თვესთან, ორივე წელს სოფლის მეურნეობა კვლავ ყველაზე წარუმატებელ სექტორად რჩება და მისი წილი 0%-ს შეადგენს. პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი 41%-იანი წილით, რასაც ენერგეტიკის სექტორი (16%), დამამუშავებელი მრეწველობა (15%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა მოჰყვება (14%)," - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.