ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე მუშაობა. პროცესი რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო ბანკთან ერთად დაიწყო. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული სისტემა ხელმისაწვდომი 2026 წლის მეორე ნახევრიდან იქნება. ბანკის ინფორმაციით, ახალი საგადასახადო სისტემა საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე იმუშავებს და ევროს ერთიანი საგადახდო სივრცის (SEPA) სქემებთან თავსებადი იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს SEPA გეოგრაფიულ არეალში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის სისტემის ევროპულ საგადახდო სისტემასთან ინტეგრაცია.
საქართველოში მყისიერი გადახდების ახალი სისტემის დანერგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რას გულისხმობს ქვეყნისთვის მყისიერი საგადასახადო სისტემის შემოღება და რა ბენეფიტები ექნება მას. საკითხზე ეკონომისტ დავით კიკვიძეს ვესაუბრეთ. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ პროექტზე მუშაობა ქვეყნიდან VISA, MASTERCARD-ის გასვლას არ უკავშირდება და ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, დეზინფორმაციას ავრცელებს. ეკონომისტი განმარტავს, რომ ეს ორი სისტემა საფინანსო სექტორში დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისივე თქმით, მყისიერი გადახდების სისტემის შემოღება გაამარტივებს გადახდებისა და ტრანზაქციების განხორციელებას ქვეყანაში.
,,მყისიერი გადახდები ეს არის საერთაშორისოდ დანერგილი საგადახდო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ფულადი სახსრების 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომობას. მათ შორის, ინფორმაციის ნახვას და გადახდების წარმოებას ისე, რომ არ იყო დამოკიდებული რომელიმე ერთ კონკრეტულ საბანკო სექტორზე, ან თუნდაც VISA-MASTERCARD-ზე. შესაბამისად, ეს არანაირად, არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება VISA-MASTERCARD-ის ქვეყნიდან გასვლას ან რაიმე სანქცირებას. ეს არის სრული ავანტიურა, პროვოკაცია. VISA-MASTERCARD-ი ეს არის უალტერნატივო საგადახდო სისტემა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ქვეყანაში ფინანსური სისტემის ეფექტური მუშაობისთვის. ეს არის საბარათე გადახდები, რომელიც დღევანდელ რეალობაში ტრანზაქციების 90%-ზე მეტს შეადგენს. არ განიხილება VISA-MASTERCARD-ის ქვეყნიდან გასვლა. ეს არის პროვოკაცია ან რაღაც სიცრუე. ვინც ამაზე ასე ხმამაღლა ისაუბრებს, ეს არის ნამდვილად არასწორი. მყისიერი გადახდები ეს არის ერთ-ერთი ახალი და ალტერნატიული მეთოდი გადახდების ოპერაციის განსახორციელებლად, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დანერგილია და საქართველო, როგორც საერთაშორისო საფინანსო სისტემის წევრი ვალდებულია, რომ დანერგოს მყისიერი გადახდები, რომელიც გაამარტივებს გადახდებისა და ტრანზაქციების განხორციელებას ქვეყანაში. ეს ორი სისტემა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს საფინანსო სისტემაში.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მყისიერი გადახდების სისტემა აქამდეც უნდა დამკვიდრებულიყო. დავით კიკვიძე ამ სისტემის უპირატესობებზე საუბრობს. ამბობს, რომ ამ სისტემამ შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს VISA- MASTERCARD-ს, რაც ბიზნესებსა და მომხმარებლებს ფინანსურ ბენეფიტებს მოუტანს, რადგან საკომისიო გადასახადები ნაკლები იქნება.
,,მყისიერი გადახდების დანერგვაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. ეროვნული ბანკი უკვე რამდენიმე წელია ამუშავებს აღნიშნულ პროექტს. კონკრეტული პასუხი, აქამდე რატომ არ მოაბეს თავი, არ მაქვს. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ ეროვნული ბანკი ამას დანერგავს. ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მოგვიტანს. ეს არის ალტერნატიული გადახდის მეთოდი მყისიერი გადახდების მეშვეობით, რომელიც გარკვეულ წილად შეიძლება VISA-MASTERCARD-ის კონკურენტი იყოს. შეიძლება გაამარტივოს და გააიაფოს შესაბამისი სერვისები. ზოგადად, ქვეყანაში გადახდების სერვისების დივერსიფიცირებისა და ინოვაციების დანერგვის ერთ-ერთი მთავარი წყარო შეიძლება გახდეს. მყისიერმა გადარიცხვამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ხარჯები, როგორც საბანკო სექტორის მხარეს ისე მომხმარებლის მხარესაც.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტს ვკითხეთ, რა დრო დასჭირდება ახალი სისტემის ამუშავებას და რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მისი დანერგვა? -,,როგორც იცით ეროვნული ბანკი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც ვიცი უკვე ე.წ. ვენდორი, მომწოდებელი შერჩეული ჰყავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი წლის ბოლომდე სისტემა ჩაეშვება. რა თქმა უნდა სისტემის დანერგვა იაფი არ ჯდება. ნებისმიერი სიახლისა და სისტემის დანერგვას თავისი შესაბამისი ხარჯი აქვს, თუმცა ეს ხარჯი გამართლებულია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოსახლეობაზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება და საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთებას შეძლებს ეკონომიკა და ბიზნესი ამ მიმართულებით.’’- გვპასუხობს დავით კიკვიძე.