1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა, კურსი რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8468 ლარი იყო. ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 15 თეთრიანი გაუფასურების შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება გუშინ, 4 დეკემბერს დაიწყო.

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, რამ გამოიწვია ლარის კურსის ორ დღეში თითქმის 5 თეთრით გამყარება, ამასთან დაკავშირებით შეკითხვას ბრიფინგზე დღეს საქართველოს პრემიერმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა“ და ლარის კურსის გამყარება „პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების“ შედეგია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს ორი მექანიზმით ახორციელებს, ესენია აუქციონის წესით სავალუტო ინტერვენციები დოლარის (ყიდვა/გაყიდვა) და Bmatch პლატფორმით დოლარის ყიდვა/გაყიდვა. თუმცა, თუკი სავალუტო ინტერვენციის ჩატარების იმავე დღეს ქვეყნდება ინფორმაცია ამ ინტერვენციაზე, bmatch პლატფორმით განხორციელებული ტრანზაქციების სტატისტიკა სებ-ის მიერ მხოლოდ თვიურ ჭრილში, თვის დასრულებიდან 25 რიცხვის შემდეგ ქვეყნდება.

შესაბამისად, განახორციელა თუ არა ბოლო დღეებში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია bmatch პლატფორმით, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი მომავალი წლის 25 იანვარს გახდება, თუმცა როგორც „კომერსანტთან“ ექსპერტების ნაწილი აცხადებს, შესაბამისი ინტერვენციის გარეშე კურსის გამყარების არანაირი საფუძველი ბოლო დღეებში არ არსებობდა. უფრო მეტიც, როგორც ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, ბოლო რამდენიმე დღეში ეროვნულ ბანკს მინიმუმ 200 მლნ ლარის ღირებულების დოლარი ექნება გაყიდული. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გუშინდელ საფინანსო საბიუჯეტო სხდომაზე, ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვა, რომ ეს მოკლევადიანია და ბაზარი თავისითაც სტაბილურდება.

„რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს. არაეკონომიკური ფაქტორების მოქმედება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დღესდღეობით ჩვენი ჩარევა საჭირო იყოს - ბაზარი, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს დაბალანსებულია, დინამიკურია და ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. ჩვენ გვაქვს ინტერვენციის ბერკეტი და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით ბაზარს“, - აღნიშნა თურნავამ.

იქვე ნათია თურნავამ, ისიც დასძინა, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $124.5 მილიონი შეისყიდა.

ცნობისთვის, სებ-მა ოქტომბერში წინასაარჩევნოდ $591 მილიონი გაყიდა, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, ოქტომბრის მონაცემებით ის 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენდა.