Galt&Taggart-მა წინა პროგნოზი შეცვალა და 3.8%-ის ნაცვლად, ვარაუდობს რომ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 4.5%-ზე იქნება.

მიმდინარე ანგარიში საქონელსა და მომსახურებას, პირველადი შემოსავლების ნაკადს (შემოსავლების ნაკადი რეზიდენტ და არარეზიდენტ ინსტიტუციურ ერთეულებს შორის ის მოიცავს: შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და მეორადი შემოსავლების ნაკადს (მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის) აერთიანებს. ე.ი. აღნიშნული ანგარიშის დეფიციტი ქვეყნის სავაჭრო სალდოს და შემოსავლებს შორის სხვაობას ასახავს.

„1H23-ში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 5.3% შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში შემცირებაა (8.6% იყო 1H22-ში). სებ-ის მიერ განახლებული მონაცემების გათვალისწინებით, ჩვენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს ვპროგნოზირებთ მშპ-ს 4.5%-ზე, წინა პროგნოზი 3.8%,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის მიხედვით, 2Q23-ში მიმდინარე ანგარიში დეფიციტი მშპ-ის 4.9%- მდე გაიზარდა 2Q22-ის 4.6%-იანი დონიდან. გაუარესება ძირითადად შემოსავლის უარყოფითი ბალანსის ზრდამ განაპირობა, რადგან ადგილი ჰქონდა რეინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას. საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსი წლიურად 13.0%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 15.3%-ით, ხოლო იმპორტი 14.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია მომსახურების პოზიტიური ბალანსის მნიშვნელოვანი, 49.4%-იანი წლიური ზრდა 2Q23-ში, რაზეც პოზიტიური გავლენა ჰქონდა კომპიუტერული & საინფორმაციო მომსახურების და ტურიზმის სექტორს. წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მე-2 კვარტალშიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა (მშპ-ის 6.3%). ამასთან, აღსანიშნავია რომ სებ-მა ზრდის მიმართულებით დააკორექტირა 1Q23-სა და 2022 წლის დეფიციტის მაჩვენებლები, რაც მშპ-ის 5.9%-მდე (1Q23-ის პირველადი შეფასება იყო 3.2%) და 4.6%-მდე (წინა შეფასება 4.0%) გაიზარდა.