„2019-2023 წლებში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა“,- ამის შესახებ ამის შესახებ აღნიშნულია საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის პუბლიკაციაში, სადაც შინამეურნეობების შემოსავლები სხვადასხვა ასპექტშია გაანალიზებული

აქვე განმარტებულია, რომ ამავე პერიოდში გაზრდილ სამომხმარებლო ფასების (2019-2023 წლებში 29.3%-ით გაიზარდა) გათვალისწინებით, შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავალი მხოლოდ 16.6%-ით გაიზარდა და 1,027 ლარი შეადგინა.

PMCG-ის მიხედვით, ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა: 2019-2023 წლებში შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებდნენ 1000 ლარამდე შემოსავალს 20 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირდა და 39% შეადგინა. რეალური მაჩვენებელი კი მხოლოდ 6%-ით შემცირდა.

ნომინალური შემოსავალი გაიზარდა ყველა კვინტილში: ყველაზე მაღალი ზრდა დაბალი შემოსავლის მქონეთა ჯგუფებში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს შინამეურნეობების ყველაზე მდიდარი 20%-ის შემოსავალი 7-ჯერ აღემატებოდა ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავალს, რაც ოდნავ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე (7.7).

2019-2023 წლებში სოციალური ტრანსფერები ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავლის 58%-ს შეადგენდა, რაც, PMCG-ის შეფასებით, სახელმწიფო დახმარებაზე მნიშვნელოვან დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

2021 წელს ყველაზე ღარიბი კვინტილის 14.1% იღებდა შემოსავალს დასაქმებიდან. 2023 წელს, მაჩვენებელი18.6%-მდე გაიზარდა. ორგანიზაციის ვარაუდით, ეს ზრდა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს 2022წელს დაწყებული საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით.