თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სტამბოლის მერის დაკავებიდან სამი დღის განმავლობაში ვალუტის გაყიდვის მონაცემები გამოაქვეყნა.
თურქული გაზეთ Cumhuriyet-ის ცნობით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სტამბოლის მერის დაკავების დღეს ბაზარზე 10 მილიარდი დოლარი გაიტანა ლირის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, მეორე დღეს – 3 მილიარდი, ხოლო მესამე დღეს – 12 მილიარდი. შესაბამისად, პირველ სამ დღეში 25 მილიარდი დოლარი გაიყიდა, მაგრამ ლირის ვარდნა მაინც ვერ შეაჩერა.
ამასთან, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა მყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურადაა გამყარებული.
ცნობისთვის, თურქულმა ლირამ ყველა დროის მინიმუმს მას შემდეგ მიაღწია, რაც იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და მისი მხარდამჭერი ოპოზიციის აქციები მთელ თურქეთში დაიწყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.30 თეთრი შეადგინა.