იუსტიციის სამინისტრო არბიტრაჟებში იურისტების დაქირავების კონტრაქტს ₾66 მლნ-მდე გაზარდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.
ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლისთვის იყო გათვალისწინებული 65 მილიონი ლარი, რაც იურისტების დაქირავების ხარჯების დასაფინანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და წლის ბოლომდე 1 მილიონი ლარის დამატების საჭიროება გახდა..
„მიმდინარე წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის 2024 წლის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში შეტანილ იქნა ცვლილება და ქვეპროგრამაში – „არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა“ – არსებულ 65 000 000 ლარს დაემატა 1 000 000 ლარი. იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, 2024 წელს იანვრიდან დღემდე ანაზღაურებულია 60 674 198,83 ლარი, თუმცა, მითითებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გრძელდება როგორც მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე, მომდევნო წელს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში წლის ბოლომდე გასაწევი მომსახურების (წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით) და არბიტრჟის ხარჯების ანაზღაურებისთვის დარჩენილი რესურსი არასაკმარისია და დამატებით საჭიროა 1 000 000 ლარი“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებაში.