კრეატიული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, 2019 წლიდან ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში ნიჭიერ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ბერლინში, Miami Ad School-ში, პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2024 წლის გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა. ის ამჟამად ბერლინში, Art Direction-ის მიმართულებით სწავლობს. როგორც თავად ამბობს, უშუალოდ ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა ცოდნა და უნარები, რომლებიც ვიზუალურ ხელოვნებაში დააგროვა, შთამბეჭდავი პორტფოლიოს შექმნისთვის საკმარისი აღმოჩნდა .
იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება Miami Ad School Europe-ში სურთ, ივა საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს:
„სწავლის დასაწყისში Art Direction-ისა და Copywriting-ის კლასები ერთად ტარდება. აქამდე მეგონა, რომ Copywriting-ი საერთოდ სხვა მიმართულება იყო, ახლა გავიაზრე, რომ სიტყვები, გრაფიკა, ანიმაცია თუ ვიზუალური ხელოვნების სხვა ხერხები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, ერთმანეთს ავსებენ. სინამდვილეში, შეიძლება ქოფიდან წამოვიდეს ახალი და საინტერესო სარეკლამო კამპანიის იდეა. აქ სწავლა ყველასთვის სხვადასხვანაირი გამოცდილებაა, არიან უფრო გამოცდილებიც და გამოუცდელებიც. საბოლოოდ, ბევრ ახალ, ნიჭიერ ადამიანს ხვდები, რომლებთან საუბარი და აზრების მიმოცვლაც კი განვითარებაში გეხმარება. ბერლინში ცხოვრებაც სრულიად ახალი გამოცდილებაა. კრეატიული ინდუსტრია აქ დახვეწილი და განვითარებულია, ბევრ რეალურ ნამუშევარს და წარმატებულ კამპანიას ვნახულობთ, ლექციებზე პრაქტიკულად ვსწავლობთ, როგორ ავაგოთ კონცეფცია იდეისგან და როგორ შევქმნათ სრულყოფილი კამპანია მონახაზისგან“.
პორტფოლიო Miami Ad School-ში მოსახვედრად და საკმაოდ დიდი კონკურენციის დასაძლევად მთავარი ინსტრუმენტია. ივა მომავალ სტუდენტებს ურჩევს, ყურადღება გულწრფელობასა და სიმარტივეზე გაამახვილონ :
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითო პროექტს 3-4 სლაიდი დაუთმო. ყოველწლიურად უამრავ პორტფოლიოს იღებენ და აუცილებელია, საკუთარი სათქმელის კომისიამდე ლაკონიურად მიტანა შეძლო. სწორად უნდა შეარჩიო პროექტები, რომლებზეც მოყვები, მაქსიმალურად ბევრი უნარი და შესაძლებლობა უნდა გამოავლინო. პროექტები ქაოსური არ უნდა იყოს, ამიტომ უმჯობესია იპოვო რაღაც საერთო ხაზი, იდეა, რომლითაც შენს ნამუშევრებს გააერთიანებ. ფინალურ ეტაპზე შენი საყვარელი პროექტი უნდა წარადგინო. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ ისაუბრებ, როგორ ახსნი, რატომ არის განსაკუთრებული ეს ნამუშევარი შენთვის. მთავარია იყო საკუთარი თავი და არ ეცადო, რომ ვიღაც უფრო გამოცდილი ითამაშო, გულწრფელი ინტერესი და ენთუზიაზმი უნდა ჩანდეს შენს თითოეულ სიტყვაში.“
ივას ნამუშევრებსა და პორტფოლიოს, რომელიც ბევრ აპლიკანტს შორის გასულ წელს საუკეთესოდ დასახელდა, პორტფოლიოს ნახვა ბმულზე არის შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, წელს Miami Ad School-ში სწავლის ფორმატი შეიცვალა. 1-წლიან პროგრამაზე სტუდენტი ჰიბრიდულ რეჟიმში ისწავლის, სასწავლო წლის ნახევარს ბერლინში გაატარებს, ნახევარს კი − საქართველოში და ლექციებს ონლაინ დაესწრება. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია. ასე რომ, თუ შენც მოგწონს კრეატიულ იდეებზე ფიქრი და ამ იდეების სიტყვებად თუ ვიზუალებად გაცოცხლება, აუცილებლად გამოიყენე შანსი, გახდე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგი გამარჯვებული!
აპლიკაციის შევსებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე!