ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განახორციელეს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ქალაქ თბილისსა და ბათუმისთვის, და მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის. ეს შეფასებები ინიცირებული იყო 2022 წლის 17 აგვისტოს და დასრულდა 2022 წლის ნოემბერში. 2023 წლის 23 თებერვალს PEFA სამდივნომ დაადასტურა ხარისხის ყველა სტანდარტის შესრულება მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და გასცა PEFA CHECK დასკვნა. ეს შეფასებები წარმოადგენდა 2022 წლის ეროვნული PEFA-ს შეფასების გაგრძელებას, რომელიც გასული წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშების პრეზენტაცია 2023 წლის 20 აპრილს გაიმართა.
2022 წელს საქართველოს ეროვნულმა PEFA შეფასებამ აჩვენა, რომ ქვეყანამ გააუმჯობესა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა 2018 წელთან შედარებით. 59 ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებისას, რომლებმაც თავიანთი შეფასება 2016 წლის PEFA მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელეს, საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა 2022 წლის PEFA გლობალურ ანგარიშში. 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევამ, რომელიც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ განხორციელდა, საქართველოს ასევე პირველი ადგილი მიანიჭა 120 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის ან ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით.
საჯარო ფინანსების მართვის სისტემები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ასახავს ეროვნულ დონეზე მიღწეულ პროგრესსაც. 2022 წლის PEFA შეფასებები თბილისის, ბათუმის და მარტვილისთვის ასევე ზოგადად გაუმჯობესდა 2018 წელთან შედარებით. PEFA მუნიციპალიტეტის სინთეზური ანგარიშის ანალიზი აჩვენებს წინსვლას, რომელიც მიღწეულ იქნა ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა (თუმცა, საჯარო კონსულტაციები ბიუჯეტის შესახებ საჭიროებს გაუმჯობესებას); აქტივების და ვალდებულებების მართვა; პოლიტიკაზე დაფუძნებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტის შედგენა; პროგნოზირებადობა და კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაში; აღრიცხვა და ანგარიშგება, გარდა აუდიტისთვის წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენის გაუმჯობესებისა. წარმატებული სფეროები მოიცავს ბიუჯეტის აუდიტს და საიმედოობის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა სავარაუდოდ გავლენა იქონია ბიუჯეტის საიმედოობაზე.